დღეს, 26 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერები "ლელოს" ოფისში მორიგ შეხვედრას გამართავენ. ოპოზიციის წარმომადგენლები მოსალოდნელ შეზღუდვებზე იმსჯელებენ, რომლებიც მათ აქტივობასაც შეეხებათ. გავრცელებული ინფორმაციით, პირებს, რომლებიც არჩევნებში აქტიურად იყვნენ ჩართულები 7 დღით იზოლაციაში გადასვლა მოუწევთ.
რაც შეეხება მოლაპარაკებების მესამე რაუნდს, მისი თარიღი ამ დრომდე უცნობია. ოპოზიციაში გუშინდელი შეხვედრების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება, შესაძლოა, გარკვეულ კომპრომისზე წავიდეს.
"ჯერჯერობით ეს ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმია. რადგან რეალურად ჩვენ არ მოგვისმენია ხელისუფლების წარმომადგენლებისგან წინადადება და პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით შეხვედრები მიმდინარეობს მხოლოდ მეგობარი ქვეყნების ელჩებთან, თუმცა აქ მთავარია რა წინადადებით წარდგება ხელისუფლება ოპოზიციის წინაშე", - თქვა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.
მისი განცხადებით, ოპოზიიცის პოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით უცვლელია. "ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, პოზიტივი იმაში მდგომარეობას, რომ საკითხის სიმძიმე მოლაპარაკების ყველა მონაწილეს ესმის.
"ქართულმა ოცნებამ უნდა მოიტანოს გონივრული წინადადება, როგორ შეიცვალოს სიტუაცია, რომელშიც ქვეყანას არალეგიტიმური პარლამენტი გაუჩნდა", - თქვა გიორგი კანდელაკმა.
კონკრეტულად რა შედეგებით დასრულდება დღევანდელი კონსულტაციები მოგვიანებით გახდება ცნობილი.