სამოქალაქო სექტორი უნიკალური კურორტის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას აპროტესტებს და პროცესის შეჩერებას მოითხოვს. არასამთავრობოები მმართველი გუნდისგან წყალტუბოს სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას ელოდებიან, რომელიც სპეციალისტებთან ერთად დაიწერება.
სამოქალაქო სექტორი ივანიშვილის ინიციატივაში რისკებს ხედავს. 4-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია რომ სტრატეგიული განვითარების გეგმასთან ერთად საჭიროა უძველეს შენობებს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს, თუმცა საჭიროებს თუ არა ყველა შენობა ასეთ სტატუსს, ამაზე პასუხი არც სამოქალაქო სექტორში აქვთ, ამიტომ მიაჩნიათ, რომ აუცილებელია პროცესში სპეციალისტების ჩართვა და ამ საკითხის პროფესიულ დონეზე გადაწყვეტა. ამის აუცილებლობაზე საუბრობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოშიც.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით მისი მინისტრობის დროს კურორტის აღორძინების გეგმა ამ სახით არ არსებობდა. მისი აზრით, განვითარების გეგმაში ჩართვის შესაძლებლობა მცირე ბინზესმენებსაც უნდა მიეცეთ.
არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნებს და პოზიციას წყალტუბოს განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევენ უმრავლესობაში. ოპოზიცია კი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას წყალტუბოს განვითარების შესახებ, მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.