გიორგი გაბუნია საქმის რვა ტომს, ოთხი საათის განმავლობაში ეცნობოდა - ვერშემდგარი მკვლელობის ქრონიკა

გამოქვეყნდა:

უსაფრთხოების სამსახურში ადვოკატთან ერთად მისული "მთავარი არხის" წამყვანი და ერთერთი სახე - გიორგი გაბუნია, მოსკოვში დაგეგმილი მისი მკვლელობის დეტალებს ოთხი საათის განმავლობაში ეცნობოდა. ჟურნალისტი და ტელეწამყვანი პროკურატურამ დაზარალებულად მიიჩნია და, შესაბამისი სტატუსიც მიანიჭა. 

გიორგი გაბუნიას მკვლელობა მოსკოვში გადაწყდა, იდეა რამზან კადიროვს ეკუთვნოდა და აღსასრულებლადაც მასვე გადმოეცა.

ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებული პირი, რომელიც გიორგი გაბუნიას  უკანონოდ უთვალთვალებდა და მისი ლიკვიდაციის მოზადებისთვის ინფორმაციას აგროვებდა, რუსეთის მოქალაქე მაგომედ გუციევია. ის დაკავებულია და ბრალი უკვე გადაუკვალიფიცირდა.

აღდგენილია მიმოწერის ნაწილი მისი ტელეფონიდან, თუმცა, ამ დრომდე გამოძიებამ არ იცის, ვის სწერდა გუციევი და რომელ ქვეყანაში.

საშინლად უსიამოვნოა, ეცნობოდე, როგორ იგეგმებოდა და მზადდებოდა შენი მკვლელობა. მით უმეტეს, ჩემი ფოტოებიც ვნახე, სხვადასხვა დროს გადაღებული, თვალთვალისას. მის მესიჯებში ჩემზე ყველაფერი იყო დეტალებში გარკვეული, სამსახურიდან გამოსვლა, სახლში შესვლა, სავარჯიშოდ როდის დავდიოდი... ოღონდ უცნობია და დასადგენია - ვის უგზავნიდა და სად, - ამბობს გიორგი გაბუნია.

თავდაპირველი ინფორმაციით, ბოკოვის დავალება მხოლოდ  გიორგი გაბუნიას თვალთვალი იყო, მაგრამ შესაძლოა, საქმე გვქონდეს უშუალოდ მკვლელთან - გიორგი გაბუნია არ გამორიცხავს, რომ სწორედ გუციევი უნდა ყოფილიყო ის, ვისაც სასხლეტისთვის თითი უნდა გამოეკრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი