სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, ოფიციალური წერილით მიმართეს, რომელშიც დეკემბრის თვეში 2 კვირით მუშაობის უფლება და გადასახადებისგან გათავისუფლება მოითხოვეს.
"ჩვენ ოფიციალური წერილის სახით მივმართეთ როგორც პრემიერმინისტრს, ასევე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს. გვაქვს კომუნიკაცია და ამაში ასევე ჩართულია ომბუდსმენის ოფისი. მოგვეცეს დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე მუშაობის საშუალება არა 24 დეკემბრიდან, არამედ 15 დეკემბრიდან, რაც ორი კვირის განმავლობაში გადაანაწილებს იმ მიმოსვლას, რაც სავაჭრო ცენტრებში იქნება საახალწლო პერიოდში და ქონების გადასახადისგან გაგვათავისუფლონ, ისევე, როგორც ეს მოხდა სასტუმროების შემთხვევაში", - ამბობს ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი.
ბიზნესმენები ასევე აღნიშნავენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დიდია ალბათობა იმისა, რომ მათ სავაჭრო ცენტრებში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესები გაკოტრების პირას მივიდნენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქვეყანაში 2-თვიანი "ლოქდაუნი" ამოქმედდა.