ახალგაზრდა, რომელიც სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დააკავეს ნათია ლეთოდიანია. ნათიას მამამ, კობა ლეთოდიანმა გავრილოვის ღამეს "ქართული ოცნებისა" და ოკუპანტი ქვეყნის საჯარო კოლაბორაციის გაპროტესტება გადაწყვიტა, თუმცა სპეცრაზმის ბრმა ტყვიამ მას მხედველობა სამუდამოდ წაართვა. ნათია დღეს მის თანამებრძოლებთან ერთად კრემლის პროვოკაციის გასაპროტესტებლად კვლავ ქუჩაში გამოვიდა, თუმცა, საპასუხოდ ის და მისი მეგობარი შუშანა მაცაბერიძე პოლიციამ დააკავა.
სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა. ქვეყანაში მოსახლეობამ სწორედ ამ განცხადებით გაიგო, რომ ზურა აბაშიძე გრეგორი კარასინს შეჰპირდა, 2019 წლის ივნისში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ანტირუსული აქციების შედეგებს აღმოფხვრიდა.
ლავროვის უწყების განცხადებიდან მალევე სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა საგარეო უწყების წინ საბჭოთა კავშირის სიმბოლიკა დახატეს, როგორც ილუსტრაცია, თუ როგორ ცდილობს "ქართული ოცნება" რუსეთის მარწუხებში ჩვენი ქვეყნის მოქცევას და ქართველი ხალხის ჯანსაღი პროტესტის ანტირუსულ პროვოკაციად მონათვლას. საგარეო უწყებას და პარლამენტის შენობას დღეს საზოგადოების პროტესტისგან უპრეცედენტო რაოდენობის პოლიციის თანამშრომლები იცავდნენ.
ის რაც ეწერა ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საერთოდ არ იყო ნახსენები ოფიციალური თბილისის პოზიციაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ე.წ პრაღის ფორმატში შეხვედრის შემდეგ ქართულ-რუსული მხარეები საკუთარივე გზავნილებში იხლართებიან. ის, რასაც არ ამბობს ოფიციალური თბილისი, სააშკარაოზე გამოაქვს მოსკოვს. კრემლის მორიგი პროვოკაციის და საზოგადოების პროტესტის ფონზე ზურა აბაშიძე თავის მართლების რეჟიმში გადავიდა. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი უარყოფს ლავროვის უწყების ოფიციალურ ინფორმაციას და კარასინის ინტერპრეტაციად ნათლავს.
კარასინი-აბაშიძის შეხვედრის შემდეგ ირკვევა, რომ კრემლმა საქართველოს კონკრეტული პირობები წაუყენა. რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს ჩვენს ქვეყანასთან ფრენებს, თუ ქვეყანაში ანტირუსულ განწყობებს არჩევნების შედეგად არჩეული ხელისუფლება შეასუსტებს.
ხელისუფლების ოპონენტები ივანიშვილის "ოცნებას" კრემლის დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებენ და ოკუპანტ ქვეყანასთან პირისპირ შეხვედრების ფორმატის გაუქმებას ითხოვენ. აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა 2021 წლის იანვარში უკვე ჩაინიშნა.