პოლიციის საგუშაგო ჩორჩანაში - ცხინვალი ისევ მის დემონტაჟს ითხოვს

გამოქვეყნდა:

10-11 დეკემბერს ჟენევის ფორმატით დაგეგმილი შეხვედრის წინ ცხინვალში, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დისკუსიის თანათავმჯდომარეებს შეხვდნენ და რამდენიმე საკითხი განიხილეს. 

"ეხო კავკაზა" წერს, რომ შეხვედრაზე ოსურმა მხარემ მოითხოვა სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმება. 

“იმისთვის, რომ მშვიდობაზე ვილაპარაკოთ, ჯერ ქართულმა მხარემ უნდა გააუქმოს პოლიციის პოსტი სოფელ უისტასთან (ოკუპირებული წნელისი, - რედ.). ამ საგუშაგოს არსებობა არაფრით არ უწყობს ხელს მშვიდობის დამყარებას და სიტუაციის დასტაბილურებას”, - აღნიშნა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა. 

ჯიოევმა, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ დევნილებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ვერ ხერხდება სწორედაც რომ ქართული ხელისუფლების ხისტი პოზიციის გამო, გაეროს სხდომებზე, სადაც სარეზოლუციოდ გააქვთ დადგენილება ორივე რეგიონში დევნილთა დაბრუნების შესახებ, რაც ცხადია, არ სრულდება, რადგან "ქართული მხარე, უკვე მერამდენე წელია, თავის, პოლიტიზირებულ რეზოლუციას ახვევს თავს გაეროს ასამბლეას”.

შეგახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ წნელისის მახლობლად საპოლიციო პოსტი ქართულმა მხარემ 2019 წლის აგვისტოს ბოლოს განათავსა, რასაც ცხინვალის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ქართული საგუშაგოს გაუქმების მოთხოვნით, ერგნეთში 29 აგვისტოს გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა ოსურმა მხარემ. 

30 აგვისტოს, ისევ ჩორჩანის საგუშაგოსთან დაკავშირებით, ცხინვალის, მოსკოვისა და თბილისის წარმომადგენლებმა ტექნიკური შეხვედრა გამართს, თუმცა მხარეთა პოზიციები უცვლელი დარჩა.

5 სექტემბერს კი ცხინვალის ე.წ. მესაზღვრეები სოფელ წნელისთან, საოკუპაციო ხაზზე, ზღვის დონიდან 944.8 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ტერიტორიაზე ავიდნენ, სადაც „სახელმწიფო საზღვრის“ ნიშანი და მათი დროშა აღმართეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი