2012-დან საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიტაცებულია 57 მილიონი კვმ მიწა, ხელისუფლება კი უმოქმედოა

გამოქვეყნდა:

ანტისაოკუპაციო ორგანიზაციის "ძალა ერთობაშიას" მონაცემებით, 2012 წლიდან დღემდე საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიტაცებულია დამატებით 57 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა. საგანგაშოა სიტუაცია გატაცებული მოქალაქეებთან დაკავშირებითაც. ამ წუთებში ცხინვალის იზოლატორში სამი საქართველოს მოქალაქეა მოთავსებული. 

"დღესდღისობით სამი საქართველოს მოქალაქე არის რუსი ოკუპანტების ტყვეობაში. ხელისუფლება შტრაუსის პოზიციაშია, კვლავ ცდილობს პრობლემის იგნორირებით გადაწყვიტოს პრობლემა. თვითდინებაზე აქვს მიშვებული და ელოდება ოკუპანტები როდის გამოუშვებენ მას და მათ გამოსაშვებად არაფერს აკეთებენ. შიშის ზონები არ აქვთ შემოსაზღვრული მავთულხლართებით მაგრამ ისინი გარკვეული მინიშნებებით მაინც უკრძალავენ ძალიან დიდ ფართოებებზე ადგილობრივებს შესვლას", - ამბობს დავით ქაცარავა, "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი. 

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე მთავრობის არც ერთი მაღალჩინოსანი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლებში არ ჩასულა. ხელისუფლების ოპონენტების აზრით "ოცნება" პრორუსულ კრემლის თამაშს თამაშობს. 

"ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანების გატაცება. დისკრიმინაცია, უუფლებო ცხოვრება მუდმივ სტრესში ეს გახდა ყოველდღიურობა და ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის, რომ ადამიანები გაიტაცეს, უკანანონოდ დააკავეს, დააპატიმრეს. რუსეთი და სეპარატისტული რეჟიმი მუდმივად ცდილობს, რომ ეს არ არის საქართველოს ტერიტორია. ძნელია, მაგრამ სწორედ ეს არის ხელისუფლების დავალება და ჩვენ ვხედავთ, რომ ამას თავს ვერ ართმევენ" - ამბობს გიგი წერეთელი, ევროპული საქართველოს წარმომადგენელი. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული რეჟიმის ტყვეების, მირიან თაზიაშვილის, ზაზა გახელაძის და გენადი ბესტაევის ოჯახებს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. გენადი ბესტაევი ზარდიანთკარიდან 2019 წლის ნოემბერში გაიტაცეს. მისივე სახლს, გატაცების შემდეგ, მავთულხლართები შემოავლეს, ხოლო გენადი ბესტაევს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 

პროტესტი თბილიში "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი