"სტოკჰოლმის სინდრომი" არ გვყოფნიდა, ახლა კიდევ პრაღისა აგვკიდეს. თავისი ბუღალტერიითა და მაკლერობით. პუტინ-ივანიშვილის პირადმა წარმომადგენლებმა, კარასინმა და აბაშიძემ, 27 ნოემბრის შეხვედრისას.
„აღნიშნეს ორმხრივი ინტერესი მოსკოვში ქართული, თბილისში კი, რუსული დიპლომატიური უძრავი ქონებისადმი“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას თუ წაიკითხავთ, იფიქრებთ, რომ ბუღალტერიაც უკვე ბოლომდე გვაქვს შეტენილი. ასე არ ელაპარაკებიან კოლეგებს, რომლებთანაც ათობით წელი გაკავშირებს. ასე არ ელაპარაკებიან ოპონენტებს, რომლებთანაც ნებისმიერ საკითხზე შეთანხმებას ცდილობენ. ასე ელაპარაკებიან მხოლოდ დამარცხებულ საერთაშორისო დამნაშავეებს, რომელთაგან სრულ კაპიტულაციას ითხოვენ და მერე გადაწყვეტენ, შეუნარჩუნებენ თუ არა სიცოცხლეს.
ივანიშვილის ჯიბის პარტიას ოფიციალური მილოცვა პუტინისგან ჯერ არ მიუღია. მაგრამ რა თქმა უნდა, მოსკოველ ყაენს ყველაზე მეტად ის ხალხი აწყობს საქართველოს ხელისუფლებაში, ვისაც ასე დაელაპარაკება და როცა დასჭირდება, გამთბარი სკამიდანაც ააგდებს, რათა იქ თავისი პრავასლავნიკურ-კომუნისტური უკანალი ჩააბრძანოს. მით უფრო გასახარია, რომ, თურმე, საქართველოს ხელისუფლებასაც კარგად ესმის, რა დააშავა 2019 წლის 20 ივნისს, ამიტომ ახლა თავზე ნაცარს იყრის და სახეზე სკორეს იზელს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეტყობინება 27 ნოემბერს თბილისის დროით 18 საათსა და 1 წუთზე გამოქვეყნდა. 1 წუთის დასრულებული იყო მძიმე სამუშაო დღე და სამუშაო კვირა და, ალბათ, ამიტომ გამოეპარა ოფიციალურ თბილისად წოდებულ ინსტიტუციებს. ქარიშხალი საქართველოს ხელისუფლებამდე გვიან მივიდა.
პასუხმა დააგვიანა, თანაც სამარცხვინოდ. შაბათის საღამომდე. ხმა ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტრომ აიმაღლა
სანამ საგარეო საქმეთა სამინისტრო სიტყვებს უყრიდა თავს, მის კართან და პარლამენტის ღობესთან აქტივისტები პასუხს ითხოვდნენ.
დიპლომატებისთვის ანა-ბანაა - შეხვედრისას მხარეები, როგორც წესი, ათანხმებენ ინფორმაციის მოცულობას, რომლის გასაჯაროებასაც აპირებენ. ამ ინფორმაციაში ინფორმაცია იმდენი უნდა იყოს, რომ ზოგადი ამბავი გავიგოთ. მაგრამ არა იმდენი, რომ ყველაფერი ვიცოდეთ და შემდგომი რაუნდები დავაზარალოთ. ზურაბ აბაშიძემ ეს ანა-ბანა კარგად იცის, მაგრამ მაინც ძალიან ხშირად ხვდება მდგომარეობაში, როდესაც თავის მართლება უწევს.
„განიხილეს სატვირთო ავტოგადაზიდვებზე მხარეთა ნებართვების ზრდის შესაძლებლობა. შეეხნენ ავიამიმოსვლის აღდგენის პერსპექტივებს. პირობები კარგადაა ცნობილი - საქართველოში ანტირუსული გამოვლინებების შეწყვეტა და როსგრაჟდანებისთვის - როსმოქალაქეებისთვის საფრთხის გაქრობა“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამაზე აღარ უთქვამს, არაო. კითხვაც კი არ გასჩენია, არსებითი სახელისა და ზრდილობის, რა ფორმაა "როსგრაჟდანე". სხვა რომ არაფერი დაეწერათ, მარტო ამ ტერმინითაც აშკარაა, რომ ლავროვის კანტორას თავისი 140 მილიონი თანამოქალაქე სრულ ბიდლოდ მიაჩნია და ერთადერთი, რაც აღელვებს, დერჟავის პრესტიჟია.
ისედაც ყველამ ვიცით, რომ თავის დროზე ფრენებისა და სავიზო დათმობების პირობად მოსკოვმა მეტი ყურმოჭრილობა დაგვიდო. ვინც უფრო საჯაროდ მოიხრება წელში, რეისებსაც ის მიიღებს. აგერ, თვითგამოყოფილებსაც შეიძლება გაეხსნათ ბედი და ცა, რაკი სოხუმის აეროპორტის აღდგენის აუცილებლობაში პუტინი თურმე ბჟანიას დაეთანხმა.
ზუსტად არმენიზაციაა, რასაც დაუფარავად გვთხოვენ. იმაზე უარესი, რა უნდა უთხრას კარასინმა აბაშიძეს დახურულ შეხვედრაზე, რასაც ლავროვი სრულიად ღიად და ხაზგასმულად გვიჩაქუნებს თავში.
ჟენევის ფორმატი არც იქამდე წყვეტდა რამეს, მაგრამ გარემოს მაინც ქმნიდა, რომ აგრესორის პირისპირ, საქართველო მარტო არ იყო. კარასინთან კულუარული საუბრების დაწყებისა და გააქტიურების შემდეგ საერთაშორისო მექანიზმი ლამის ყველას დაავიწყდა.
არც საგარეო საქმეთა სამინისტრო, არც პირადად ბატონო აბაშიძე ერთი სიტყვითაც არ ახსენებენ, რომ საქართველოს წარმომადგენელმა რუსეთისას საყვედური შეკადრა სოხუმისა და ცხინვალის ლიდერებთან პუტინის შეხვედრების გამო რუსეთის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში აფხაზეთის ჩართვის გამო, ოკუპირებული რეგიონების მზარდი მილიტარიზაციის გამო, ადამიანთა გაუთავებელი გატაცებისა და ღობეების გაუთავებელი გადმოწევის გამო და საერთოდაც, განა ცოტაა საპროტესტო რუსეთთან? მაგრამ თბილისი ამას, კარასინულად თუ ვიტყვით, "დლა გალოჩკიც" არ აკეთებს. სამაგიეროდ, ისმენს დამუნათებას, რომ ე.წ. ბორდერიზაციაც ქართველების ბრალია
რუსები ისევ ხელოვნებით გვჯობნიან. დაგვასხამენ თავზე საჯაროდ, საჯაროდვე აუწევენ ყურს ჩვენს წარმომადგენელს და შემდეგ მასვე გვალანძღინებენ, რატომ აბედინებ ამდენს მაგ ძაღლთაპირებსო.
მაგრამ რომელი ხართ მაგარი ბიჭი ან გოგო და რომელი იტყვით, მე ვიქნები საქართველოს პრემიერმინისტრის, ანუ ბორის ივანიშვილის წარმომადგენლის წარმომადგენელი მოსკოველ ხაზეინთან მოლაპარაკებაზე და გადაკრულ სიტყვასაც არ გავაბედინებო? პრაღის სასტუმროში თუ გუგლის ზუმში კარასინთან საუბრის არსი ზუსტად ისაა, რომ ივანიშვილამდე ჩამოვიდეს ზუსტი ინსტრუქცია და ტემპერატურა, სადამდე მოუმატოს დათბობას რუსეთთან. ისე, რომ არც პუტინებს დაეწვათ ხელები და არც ივანიშვილებს აეწვათ.