ფიტნეს კლუბ "რეფორმერთან" პოლიციელები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, მათ "გირჩის" ლიდერს ფიტნეს კლუბი "რეფორმერი" ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ტერიტორიაზე პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობა მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ზურა ჯაფარიძემ დარბაზის ფართი საცხოვრებლად იქირავა და ხალხი მის სახლში დაპატიჟა.
ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მომხდარის გასაჩივრებას და მის საცხოვრებელ სახლში შესვლას გეგმავს.
"ვაპირებ, რომ აქ ვიცხოვრო. მათ არ აქვთ არანაირი უფლება, რომ მე დამტოვონ გარეთ. თუ მათ აქვთ პრობლემა რომელიმე შპს-სთან, რომელმაც, როგორც თვითონ ამბობენ, შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის დასკვნით, რაღაც კანონი დაარღვია, გაარკვიონ შპს-სთან. დღეს ფართი მე მაქვს ნაქირავები და, შესაბამისად, მე შიგნით უნდა შემიშვან", - ამბობს "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.
ამასთან, კლუბის მფლობელი, გიორგი ფუტკარაძე, სამართალდამცველებმა 10 000 ლარით დააჯარიმეს.
"რეფორმერი" დაჯარიმების მიუხედავად, არც გაჩერებას და არც ჯარიმის გადახდას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ფიტნეს კლუბი "გირჩის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ იქირავა. ის კვირაში ერთხელ ბათუმში ჩასვლას და ჯანსაღი ცხოვრებით დაინტერესბეული სტუმრების მასპინძლობას აპირებს.