ჯანდაცვის სამინისტრო ხარვეზებს აღიარებს, თუმცა, ეკატერინე ტიკარაძე ამტკიცებს, რომ პროცესებს მართავენ. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა აღიარა, რომ პაციენტები ჰოსპიტალური დახმარების მიღებას ზოგჯერ ვერ ახერხებენ, თუმცა, ვითარება მაინც მართვადია.
"თქვენ შეგიძლიათ მომაწოდოთ კონკრეტული სახელი და გვარი, როცა ერთეულ პაციენტებზეა საუბარი, უმჯობესია, ამას გაეცეს კონკრეტული პასუხები. რა თქმა უნდა, არის ხარვეზები და პრობლემები, რომელთა იდენტიფიცირებაც ხდება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში, 112-დან დაწყებული, პაციენტის განთავსებამდე, გავდივართ ამ ჯაჭვს ბოლომდე", - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
რაც შეეხება პრეპარატ "რემდისივირს", ირკვევა, რომ ტიკარაძის უწყებას მის შესყიდვაზე განაცხადი უკვე გაკეთებული აქვს. მედიკამენტს, დაახლოებით, 2 კვირაში ელოდებიან და მას კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 937 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.