WHO-ს ინფორმაციით, პრეპარატი "რემდესივირი" კორონავირუსის მკურნალობის პროცესში არაეფექტურია. თუმცა, ამ ეტაპზე, საქართველოს ხელისუფლება პრეპარატის შესყიდვას მაინც გეგმავს
ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ პრეპარატი საკმაოდ ძვირია და მისი ეფექტურობა ეჭვქვეშაა.
"ის არ არის რეკომენდირებული, როგორც პირველი რიგის პრეპარატი და არის რეკომენდირებული, როგორც კვლევის შემადგენელი ნაწილი. მე არ ვთვლი, რომ რენდესივირი ის მედიკამენტია, რომელმაც სახელმწიფომ რესურსი უნდა დახარჯოს", - ამბობს ვახტანგ კალოიანი.
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ, თქვა, რომ პრეპარატი "რემდესივირი" ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მას საზღვარგარეთიდან გამოუზავნეს.
მოქალაქეებისთვის კი, პრეპარატი ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ ქვეყნის პირველი ინფექციონისტის ამ სიტყვებს სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილისგან ნეგატიური კომენტარები მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 937 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, საქართველო 4 000 დოზა რემდესივირის შეძენას გეგმავს, თუმცა, პრეპარატი აფთიაქებში არ გაიყიდება და ის კლინიკებში, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, მხოლოდ მძიმე და კრიტიკულად მძიმე კოვიდპაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი.
მედიცინის ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ჯერ დასაწყისია და კორონავირუსის პიკი ქვეყანას წინ ელოდება.
აქვე, შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოგვიანებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
28 ნოემბერს კი თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა.