ხელისუფლება იმ პაციენტების რიცხვის ზრდას ელოდება, რომლის ინფიცირების წყარო დაუდგენელი დარჩება - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყების წინ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.
მისი თქმით, ახლა საგანგებო მდგომარეობის შემოღება მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს გამოიწვევს. ხუნდაძე მოუწოდებს მოქალაქეებსა და ბიზნესს სექტორს, მაქსიმალური პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.
"შევდივართ უფრო მეტად საყურადღებო ფაზაში, როცა დაუმისამართებელი გავრცელების შემთხვევები გვქნება. აქ არის მნიშვნელოვანი სოციალური სიმჭიდროვის განშლა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. თუ ახლა შემოვიღებთ საგანგებო ვითარებას შესაძლოა მისი გაგრძელების ვადა იყოს ერთი თვე. ეს სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობისთვის იქნება მძიმე ტვირთი, ამიტომ მოსახლეობას ვთხოვთ, ხელი შეგვიწყოს. კერძო სექტორსაც, ბიზნესს, ვთხოვთ ხელი შეუწყონ დასაქმებულებს, ჩვენც გაგებით მოვეკიდებით და ბიზნესსექტორს ხელს შევუწყობთ.ჯობს ცოტა გავიჭირვოთ ვიდრე მივიღოთ უარყოფითი შედეგი,"-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
უკვე ერთი საათია პრემიერთან საგანგებო სხდომა მიმდინარეობს, დღეს პირველად კანცელარიაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მივიდა, თუმცა ადგილზე მისვლის მიზეზი არ განუმარტავს. სავარაუდოდ, მამუკა მდინარაძის სხდომაზე მისვლა იმ საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირდება, რომელის ფარგლებშიც თვითიზოლაციის დამრღვევი პირების მიმართ სანქციებს დააწესებს.