სკოლაში ჭირდებათ პოლიტიკური რობოტი –ხობში დირექტორი პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს

გამოქვეყნდა:

ხობში ესტატე შუშანიას სახელობის სკოლის დირექტორს, კობა კვიკვინიას უფლებამოსილება შეუჩერეს. კობა კვიკვინიას თქმით, მისი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი, მმართველი გუნდის კანდიდატისთვის წინასაარჩევნოდ ხმების მოგროვებაზე უარის თქმა გახდა. ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ხმების მობილიზებას სოფლის რწმუნებული თხოვდა.

"გეუბნებიან, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გვყავდეს მხარდამჭერი და აქიდან გამომდინარე პედაგოგები არიან ... მოდიოდა ეს მესიჯი სულ, რომ სკოლაში არის რაღაც არაპარტიული განწყობები. შტაბიდან იყო, ეს ყოველთვის ასე ხდება. უშუალოდ სოფლის რწმუნებული იყო ერთ–ერთი, რაც უნდა გაგვეკეთებინა – რომ სკოლასაც ემუშავა ჩვეულებრივ ამ მიმართულებით და რაც შეიძლება მეტი ხმები აეღოთ მათ. მოვლენები ისე განვითარდა, რომ მათ რომ ჭირდებათ პარტიული რობოტი სკოლაში გამოაშკარავდა" – ამბობს ხობის ესტატე შუშანიას სახელობის სკოლის ყოფილი დირექტორი კობა კვიკვინია.

სოფლის რწმუნებული კობა კვიკვინიას უფლებამოსლების შეჩერებას და დაჩი ბერაიას დირექტივის შესრულებას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ კვიკვინია გათავისუფლებული არ არის.

თუმცა, რწმუნებული თვითონვე ამატებს, რომ კობა კვიკვინია სამსახურის დასაბრუნებლად ზღაპრებს ყვება: "ძალიან ბევრ ზღაპარს ყვება, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება... იმის გამო, რომ სამსახური დაიბრუნო ყველაფრის თქმა არ შეიძლება შვილო, ღმერთი გვიყურებს." – ამბობს ხობის რწმუნებული.

ხობში ამბობენ, რომ კობა კვიკვინიამ "ქართული ოცნების" წევრს, დაჩი ბერაიას, არჩევნებამდე მხარდამჭერთა სია არ წარუდგინა და ის "ოცნების შტაბშიც" იყო დაბარებული.

პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დაჩი ბერაია ამბობს, რომ კობა კვიკვინიასთან არანაირი შეხება არ ჰქონია და ამ პიროვნებას არ იცნობს : "არანაირი მხარდამჭერების ჩამონათვალი არ მითხოვია და მსგავსი არაფერი შეხება არ მქონია მასთან არასდროს,ეს ინფორმაცია ტყუილია." – ამბობს დაჩი ბერაია "მთავართან" საუბრისას.

დღეს კობა კვიკვინიას გათავისუფლებას ხობში სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები აპროტესტებენ. 

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური ნიშნით, სკოლის დირექტორები თანამდებობიდან, საქართველოს სხვა რეგიონებში, არჩევნებამდეც გაათავისუფლეს.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი