კოვიდსასტუმრო დუმს, ჯანდაცვა კი მოკვლევას იწყებს - რა გახდა 19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალების მიზეზი

გამოქვეყნდა:

სასტუმრო "ბომონდ გარდენში", კოვიდსასტუმროში, სადაც გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდია მკურნალობდა, ჟურნალისტების შეკითხვებს არ პასუხობენ, ჯანდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ პაციენტის გარდაცვალების საქმეზე მოკვლევა დაწყებულია, თუმცა, ამავდროულად, უარყოფენ, რომ 19 წლის კოვიდინფიცირებული გოგონას გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია გახდა. 

"მთავარს" სურდა გაერკვია, რამდენად სათანადოდ იყო აღჭურვილი კოვიდპაციენტის ოთახი იქედან გამომდინარე, რომ თეკლა თორდია ინსულინდამოკიდებული იყო, თუმცა, დაცვამ გადამღებ ჯგუფს ტერიტორიაზე შესვლაზე უარი უთხრა, ხოლო მათივე თქმით, ადმინისტრაცია კომენტარს არ გააკეთებს. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მოკვლევა დაწყებულია, მაგრამ აქვე უარყო, რომ დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. მან პასუხისმგებლობა ოჯახის ექიმს დააკისრა. 

ამავე დროს, გარდაცვლილი გოგონას მამამ "მთავარს" უჩვენა შვილის ბოლო მესიჯი, სადაც ის წერს, რომ გაყინულია, ტემპერატურა უწევს და სამარშრუტო ტაქსში ზის. როგორც ჩანს, კლინიკაში მისი გადაყვანა უადგილობის გამო ვერ მოახერხეს და კოვიდსასტუმროში მიაბრუნეს. 

შეგახსენებთ, კორონავირუსით გუშინ გარდაცვლილი 19 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ შვილის დაღუპვის მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა, რეაგირება და პაციენტის არასწორი მართვა გახდა. 

დაინფიცირების შემდეგ 19 წლის თეკლა თორდია კოვიდსასტუმროში მოათავსეს, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. ამის მიუხედავად, მისი გადაყვანა 6 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა ვერც ერთ კოვიდმიმღებ კლინიკაში. მოგვიანებით ადგილი "გერმანულ ჰოსპიტალში" გათავისუფლდა, თუმცა 112-მა მისი ჰოსპიტალიზაცია დააგვიანა და კლინიკაში შეყვანისას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ძალიან მძიმე იყო - პაციენტი გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი