
ბათუმში, უზენაესი საბჭოს შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, სადაც მონაწილეებს ჰელიუმის ბუშტები ეჭირათ და მათ გაშვებას აპირებდნენ, აქციის ორი მონაწილე - რეზო ხარაძე და ირაკლი ჩხვირკია დააკავეს.
ამას სახელიც არ აქვს, ეს არის ჩმორნიკე რიჟვაძის მათხოვრული საქციელი, რომელსაც არც ბუშტოფობია ჰქვია უკვე და არც არაფერი. დააკავეს რეზო ხარაძე და ირაკლი ჩხვირკია, რომლებიც წყნარად იდგნენ და ჩემი და ბაგრატიონის თვალწინ პოლიციელმა ხელი გაარტყა მშვიდობიან მოქალაქეს, ჩვენ მოვითხოვთ ამ პოლიციელის დასჯას, სანამ ხალხის მრისხანება ჩარეცხავს ამათ ყველას, - ამბობს კობა ხაბაზი.
სამხარეო პოლიციის უფროსის კოტე ანანიაშვილის განცხადებით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს ისინი ბუშტების გამო დააკავეს. მისი თქმით, ირაკლი ჩხვირკიამ პოლიციელს ნიღაბი ჩამოგლიჯა, ხოლო რეზო ხარაძე პოლიციის კორდონის გარღვევას აპირებდა. ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ აქციის მონაწილეები და ხაზს უსვამენ, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანია, პოლიციისთვის კი ძალის გამოყენების საბაბი არ მიუციათ.