როგორ შეიძლება გაუმკლავდეს საქართველო ჰიბრიდულ ომს და რუსულ აგრესიას - ამ საკითხებზე "ახალი საქართველოს" თავმჯდომარესთან ერთად, დღეს უსაფრთხოების ექსპერტები მსჯელობენ. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ რუსული ჰიბრიდული ომის შენიღბული აქტორი საქართველოს ხელისუფლებაა.
დღევანდელ შეკრებაზე მსჯელობის ერთ ერთი მთავარი თემა ოკუპირებულ ახალგორში, 49 წლის მამაკაცის გარდაცვალებაა. ვაშაძე ამბობს, რომ მძიმე ვითარების დასტაბილურებისთვის ხელისუფლება არაფერს აკეთებს და ამ ყველაფერს კომპლექსური სტრატეგია სჭირდება:
„რაც ახალგორში მოხდა, ეს არის ძალიან სამწუხარო და საგანგაშო ფაქტი, ასეთ ფაქტებს აქვს სისტემური ხასიათი, ეს არ არის ერთჯერადი. ადამიანებს არ აქვთ ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არამარტო, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც კი. ამიტომ ამას სჭირდება კომპლექსური სტრატეგია და ყოველთვის როცა ხელისუფლებას მივმართავთ და ვეუბნებით რომ რაც მოხდა გუშინ მცოცავ ანექსიასთან დაკავშირებით რა გააკეთე შენ მას შემდგ, რომ არ გქონდეს კიდევ უფრო მეტი პრობლემა, სამწუხაროდ პასუხი არ არის" აცხადებს ვაშაძე.
უსაფრთხოების საკითხების ექსპერტები თვლიან, რომ სამედიცინოს გარდა, არის სერიოზული პოლიტიკური პრობლემები, ძლიერდება რუსული აგრესია და ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ახალი მიდგომების შემუშავება
"აქ მნიშვნელოვანია რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის როლი იყოს გააქტიურებული, ისევე როგორც ყველა იმ სუბიექტის, რომელიც ჩართულია იმაში, რომ ადამიანებს ჰქონდეთ უფლება მიიღონ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება" აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, თეონა აქუბარდია.
თორნიკე შარაშენიძის თქმით კი ქართულ მხარეს ხელში სერიოზული კოზირი აქვს - ადამიანური ტრაგედია
"ადამიანური ტრაგედია არის ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი ნებისმიერ პოლიტიკურ თემაზე. მითუმეტეს თუ ეს პოლიტიკური თემა არის არალეგიტიმური და ოკუპაცია ბუნებრივია არის არალეგიტიმური. შესაბამისად, ჩვენ ამით შეგვიძლია ვეთამაშოთ რუსეთს. ადამიანები იღუპებიან და ადამიანი არის ყოველთვის უფრო ძვირფასი, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკა" აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ახალგორში 49 წლის მამაკაცი არასათანადო სამედიცინო დახმარების შედეგად გარდაიცვალა. მამაკაცმა გულის შეტევა მიიღო, თუმცა საოკუპაციო რეჟიმმა მას თბილისში გადმოსვლის უფლება არ მისცა, ადგილზე კი შესაბამისი დახმარება ვერ აღმოუჩინეს.