სოფელ აღაიანში მცხოვრები 70 წლის ურგუია ბაირამოვი კლინიკაში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი ადგილზე მას შემდეგ ჩავიდა, რაც მისი მდგომარეობის შესახებ რეპორტაჟი "მთავარი არხის" ეთერში გავიდა.
კოვიდინფიცირებული ქალი შველას და კლინიკაში გადაყვანას 4 დღის განმავლობაში ითხოვდა. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში სასწრაფო არ მიდიოდა და მის მოთხოვნას, კლინიკაში გადაყვანის თაობაზე, ადგილების არარსებობის გამო არ აკმაყოფილებდნენ.
ბაირამოვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მას კორონავირუსი 12 დღის წინ დაუდგინდა. პაციენტს ქრონიკული დაავადებებიც აქვს.