"ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, რომელიც "ფეისბუქზე" წერდა, რომ 1 დეკემბერს გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადაზე 2 დეკემბერს შეეხმიანნენ, "მთავარ არხზე", გადაცემაში "დღის სტუმარი" ამბობს, რომ თავი ვუდი ალენის სევდიან კომედიაში ჰგონია და უხარია, რომ კომედიაში აღმოჩნდა და არა ტრაგედიაში.
მე მაქვს ძალიან კარგი დაზღვევა, მაგრამ როცა დავრეკე, მითხრეს, რომ ვერ მომემსახურებიან, 1 დეკემბერს დარეკილ ზარზე სასწრაფოსთან დაკავშირებით კი 2 დეკემბერს გამომეხმაურნენ. მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს მედპერსონალთან, მართვისა და მენეჯმენტის პრობლემაა ეს ყველაფერი, ტიკარაძეა ხო, მთავარი მენეჯერი ამ ყველაფრის? ან ის სამი მუშკეტერი როა, ყინვის დროს აქციის მონაწილეებზე წყლის ჭავლის დასხმაზე რომ ამბობდნენ, პოლიტიკა არ გვინდაო, ეს პოლიტიკაა და "ოცნების" სიის პრეზენტაციაზე ყოფნა პრობლემა არ არის? , - კითხულობს ზაზა ბიბილაშვილი.
შეგახსენებთ, ზაზა ბიბილაშვილმა დაწერა, რომ მასთან სახლში მოსულ სასწრაფოს ექიმს დამამშვიდებელი აბები, ექიმისვე თხოვნით, სახლიდან გაატანა.
სასწრაფოდან დამირეკეს, ბრიგადა გათავისუფლდა და გამოვიდესო? მმმმ... მეთქი... აააა, კი! - გუშინ დილას დავრეკე, მარა ამასობაში იყვნენ სხვები თქო. დიახ, ზარი 1 დეკემბერსაა დაფიქსირებული, ანუ აღარ გინდათო?
აქამდე არ მახველებდა. ახლა ამიტყდა და ვეღარ ვჩერდები.მოვიდნენ. გამსინჯეს. კარდიოგრამა, ისა, ესა (თავიდან ჭვალების გამო გამოვიძახე). სიცხე და წნევა გავიზომეთ. არაფერი ახალიო. დაღლილები იყვნენ. ვისაუბრეთ. დამწევი არ გინდა, დამამშვიდებელი აჯობებსო. არ მინდა, იყოს თქო. ისე, ერთი ტაბლეტი თუ გაქვს, დილამდე უნდა ვიმუშაო და დამხატავდა, ხო ვერ გამატანო. ორი ტაბლეტი მივეცი. ოღონდ ნახევარი დალიე, ხო იცი, აძინებს მეთქი, დავარიგე და გავუშვი, - წერს ზაზა ბიბილაშვილი "ფეისბუქზე".
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 947 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა.