საერთაშორისო რეიტინგში, კორუფციის თვალსაზრისით, საქართველომ ერთი ადგილით უკან გადაინაცვლა - IDFI

გამოქვეყნდა:

2020 წლის მონაცემების მიხედვით, ბიზნესის კორუფციის რისკით, საქართველო 194 ქვეყანას შორის 28-ე ადგილზეა. Trace International-მა ბიზნესის კორუფციის რისკი 194 ქვეყანაში გამოიკვლია და ისინი 100 ქულიანი სისტემით შეაფასა, სადაც 100 ქულა კორუფციის მაღალ, ხოლო 0 ქულა კორუფციის დაბალ რისკზე მიუთითებს. ამ თვალსაზრისით, საქართველომ 25 ქულა მიიღო.

ინფორმაციას IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) ავრცელებს.

2019 წლის მონაცემებით, 200 ქვეყანას შორის საქართველო 27-ე ადგილს იკავებდა 26 ქულით, რაც 2018 წლის მაჩვენებლების იდენტური იყო და გაუარესებული იყო 2017 წლის მონაცემებთან შედარებით, როცა საქართველო 200 ქვეყანას შორის 25-ე ადგილს იკავებდა 23 ქულით.

 

"ამ მონაცემებიდან ჩანს, ბოლო წლების განმავლობაში, ბიზნესის კორუფციის რისკი ეტაპობრივად იმატებს. მართალია, ბოლო წელს აღნიშნული რისკი ერთი ქულით შემცირდა, მაგრამ საერთაშორისო რეიტინგში საქართველომ მაინც ერთი ადგილით უკან გადაინაცვლა", - ვკითხულობთ IDFI-ს განცხადებაში.

საქართველომ ყველაზე დაბალი შეფასება კორუფციის შესაძლებლობაში აიღო. საქართველოს ამ მიმართულებაში 17 ქულა აქვს და მასში მოიაზრება ბიზნესის ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ხელისუფლებისთვის ქრთამის გადახდის მოლოდინი და რეგულირების ტვირთი.

კორუფციის  ყველაზე მაღალი ქულა კი, კორუფციული რისკების აღკვეთაში დაფიქსირდა, ხელისუფლების მიერ ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებას გულისხმობს. რაც შეეხება გამჭირვალეობასა და ზედამხედველობას, აქ საქართველომ თითქმის თანაბარი ქულები აიღო (26-28 ქულა).

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს, საუკეთესო ქულა ჩეხეთის რესპუბლიკამ მიიღო და დაიკავა 38-ე ადგილი, ყველაზე მაღალი რისკი კი აზერბაიჯანში დაფიქსირდა და ის საერთაშორისო რეიტინგში 136-ე ადგილს იკავებს.

ცნობისთვის, 2011 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 183 ქვეყანას შორის 64-ე ადგილი დაიკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი