კლინიკა "მედინაში" ადასტურებენ, რომ კორონავირუსით 31 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ექიმის, ჯუმბერ უნგიაძის ინფორმაციით ახალგაზრდა ქალს 25 ნოემბერს ბათუმის სამშობიაროში საკეისრო გაუკეთეს, მისი მდგომარეობა დამძიმდა და "მედინაში" 27 ნოემბერს გააიყვანეს.
უნგიაძის თქმით, პაციენტს ჰქონდა პნევმონია და დაზიანებული ჰქონდა ფილტვის დიდი ნაწილი:
დღეს ვერ შევძელით მელოგინეს გადარჩენა, ვინაიდან მას ჰქონდა ფილტვის მძიმე დაზიანება კორონავირუსის გამო. ის თავდაპირველად იყო მოთავსებული ბათუმის სამშობიარო სახლში. მიუხედავად ადექვატური მკურნალობისა, მისი მდგომარეობა გაუარესდა. ჰქონდა გამოხატული ცვლილებები როგორც კლინიკური, ისე სუნთქვის უკმარისობა, რომელიც მოქმედებდა არამარტო ორსულის მდგომარეობაზე, არამედ აისახა ნაყოფის მდგომარეობაზეც.
25 ნოემბერს საღამოს მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და იმ დღესვე ღამით ჩაუტარდა ურგენტული საკეისრო კვეთა. ამოყვანილი იყო ცოცხალი, დროული ბავშვი. მელოგინეს მდგომარეობის პროგრესულად გაუარესების გამო, 26- დან 27 ნოემბერს გადმოიყვანეს ჩვენთან. ჰქონდა პნევმონია, ფილტვის დიდი ნაწილი დაზიანებული, ჟანგბადი მიეწოდებოდა სიპაპ რეჟიმში. მკურნალობის ფონზე 1 და 2 დეკემბერს მდგომარეობა გაუმჯობესდა. გუშინ ღამის სამ საათზე მოხდა თრომბოემბოლია ფილტვის არტერიის, რომელმაც გულის გაჩერება გამოიწვია. ჩატარდა რეანიმაცია, აღდგა გულის მუშაობა. მაგრამ დღეს შუადღისას ისევ გაჩერდა და სამწუხაროდ რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო. ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა "- განაცხადა ჯუმბერ უნგიაძემ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე