ცესკომ დღეს საბოლოო სხდომა გამართა და არჩევნების შედეგები, საზოგადოების პროტესტისა და აქციების მიუხედავად, შეაჯამა.
საარჩევნო ადმინისტრაციას დღეს სხდომის მიმდინარეობისას ბარიკადები და პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავდა.
თამარ ჟვანიას უწყების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა სულ 3 511 853 ამომრჩეველმა მიიღო, აქედან პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 1 992 891 ამომრჩეველი მონაწილეობდა, ხოლო ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.
ცესკო-ს მონაცემებით, ყველაზე მეტი მანდატი პროპორციულ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, საუბარია 60 ადგილზე, შემდეგია ენმ-ძალა ერთობაშია - 36 მანდატით და მესამეა "ევროპული საქართველო" - 5 ადგილით.
რაც შეეხება მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, ჟვანიას ცესკო-ს მონაცემებით, 30-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, გამარჯვებულია „ქართული ოცნების" კანდიდატები. შესაბამისად ივანიშვილის პარტია მე-10 მოწვევის პარლამენტში 90 დეპუტატით შედის და საკანონმდებლო ორგანოს სავარაუდოდ მხოლოდ ამ 90 დეპუტატით მოუწევს მუშაობის გაგრძელება, რადგან ოპოზიცია მანდატებზე უარს ამბობს.
სხდომაზე, თამარ ჟვანიამ მადლობა გადაუხადა თითოეულ ადმინისტრატორს იმის გამო, რომ ისინი, პოლიტიკური წნეხის მიუხედავად, დარჩნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებად და ეს არის იმის ნიშანი, რომ დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია დამოუკიდებლად უნდა დარჩეს.
საარჩევნო კომისიამ ოქმი, რომლის მიხედვითაც პარლმენტში წესით 9 პარტია უნდა შესულიყო, ოპოზიციური პარტიების წევრების გარეშე მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყანას ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო ეყოლება.
შეგახსენებთ, დღეს "ოცნება" ცესკოშიც მარტო დარჩა, რადგან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს სხდომა, განაცხადეს რა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბებულია და არ აპირებენ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას.
სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. იქამდე კი, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა დავით გურგენიძემ დარბაზში წარწერა - "არჩევნები გაყალბებულია" გააკრა, რომელიც მალევე ჩამოხსნეს.
ოპოზიციამ, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა, რამდენიმე საათიანი დისკუსია გამართა და ერთიანობა დაადასტურა. ოპოზიცია ელჩების ფასილიტატორობით "ოცნებასთან" მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის მზადაა, გეგმებს არ ცვლის, საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.