თამარ ჟვანიამ არჩევნების შედეგები დააკანონა და შემაჯამებელი ოქმი გამოსცა.
ცესკო-ს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველას, "ვინც შეძლო და პოლიტიკურს წნეხს გაუძლო".
თამარ ჟვანია ამტკიცებს, რომ "დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის გატეხვა" ვერავინ შეძლო
"ყველამ ერთად დათვალა ხმები. აქ არ იყო მარტო კომისიის წევრები. პროცედურულად, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების ითვლიდნენ კომისიის წევრებთან ერთად ხმებს და ისინი დათვლის პროცესში მონაწილეობდნენ. ეს ოქმები შედგენილია ერთობლივად, ყველას მიერ. მე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადმინისტრატორს, რომლებმაც შეძლეს, რომ პოლიტიკური წნეხის და ზეწოლის პირობებში ისინი დარჩნენ ინსტიტუციურად ძლიერი ადმინისტრაცია და მათ თავიანთი საქმე გააკეთეს და ეს არის ჩვენი მესიჯი ნებისმიერი საარჩევნო ადმინისტრაციისადმი, რომ ვერც ერთმა პოლიტიკურმა მოთხოვნამ და სურვილმა ვერ უნდა შეძლოს დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის გატეხვა", - თქვა თამარ ჟვანიამ.
სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. იქამდე კი, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა დავით გურგენიძემ დარბაზში წარწერა - "არჩევნები გაყალბებულია" გააკრა, რომელიც მალევე ჩამოხსნეს.
სხდომის პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს შენობის გარეთ, სადაც სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი და გაყალბებული არჩევნების შედეგებს აქცია-პერფორმანსით აპროტესტებენ.