სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრი ტიკარაძე ვერ მართავს სიტუაციას და ამას პაციენტთა გაზრდილი სიკვდილიანობაც ადასტურებს. სპეციალისტების განცხადებით, მოქალაქეები ვერც 112-ის ცხელი ხაზით სარგებლობენ და ვერც ოჯახის ექიმის კონსულტაციას იღებენ. ამის გამო ლოდინი დღეების განმავლობაში უწევთ, ძლივს გამოძახებული სასაწრაფო სამედიცინო დახმარება კი, პაციენტთან რამდენიმე დღეში მიდის.
გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელს, გიორგი ჩალაძე დღევანდელ ჯანდაცვის სისტემას სიკვდილის ქრონიკებს უწოდებს.
"დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა არის სიკვდილის ქრონიკები, ეს არის რბოლა გადარჩენისთვის და თუ თქვენ დარეკავთ 112-ზე, თქვენ ჩაერთვებით იმ "სპირალში", რომელიც დამთავრდება, სავარაუდოდ, სავალალო შედეგით, თქვენ გადარჩებით, მხოლოდ და მხოლოდ, გამჩენის წყალობით და არა რაიმე სისტემით, დღევანდელი სისტემა ჩვენ გვკლავს. ეს ხალხი ძალიან მალე გამოვა ქუჩაში და ჩვენ მივიღებთ გარდაცვლილების რევოლუციას, ეს იქნება მომაკვდავი ადამიანების რბოლა ჟანგბადისათვის, რომელიც ძალიან ცუდად დამთავრდება. ჩვენს ქვეყანას მომავალი წაართვეს," - ამბობს გიორგი ჩალაძე
ჯანდაცვის ექსპერტი, ვატო სურგულაძე ამბობს, რომ პრობლემები ჯანდაცვის სისტემაში ბევრია, მაგრამ პირველ რიგში არ ხდება დროული დიაგნოსტირება.
"სისტემა არ გვაქვს, განსაკუთრებით, რაც ეხება სასწრაფო დახმარებას და 112-ს. არ გვყოფნის,ა რც ოპერატორები, არ გვყოფნის არც ხაზები, არავინ არ მოემზადა, რომ კლინიკებს ჟანგბადი დანადგარები არ ეყოფათ, კი აქვთ, მაგრამ არ ჰყოფნის იმ დატვირთვას. ჩვენ ხომ პოლიტიკა გვაქვს ქართული "ჯიგრული" დამოკიდებულება, აი ასე ვიღაცის ჩარევა და გადაყვანა. - პრობლემა გვაქვს იმისი, რომ დროული დიაგნოსტირება არ ხდება, " - ამბობს ვატო სურგულაძე
აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 061 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.