ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემდეგ, შემაჯამებელი დოკუმენტი დღეს აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მიიღეს. სხდომას პროტესტის ნიშნად, ოპოზიციური პარტიის წევრები არ ესწრებოდნენ, სამოქლაქო აქტივისტები კი პერფორმანსებით აპროტესტებდნენ.
მათ საჰაერო ბუშტებზე დაკიდეს შემაჯამებელი ოქმები და ჰაერში გაუშვეს.
"ალტერნატივას" წევრებმა კომისიასთან მიიტანეს სიგელი, რომელზეც ეწერა "საუკეთესო გამყალბებელს – პარმენ ჯალაღონიას". სიგელზე სიმბოლურად იყო ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერა.
"დღევანდელ სხდომაზე აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიიღო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმი, მას ესწრებოდა კომისიის რვა წევრი, სხდომას არ ესწრებოდა ორი ოპოზიციის წარმომადგენელი და ერთი მუდმივმოქმედი წევრი უმაღლესი საარჩევნო კომისიის. კენჭისყრა ოქმთან დაკავშირებით არ ხდება მას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი, შესაბამისად უსკომ მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმი" , – ამბობს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია
უსკოს გადაწყვეტილებით 5 პროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ გადალახა, რის გამოც უმაღლეს საბჭოში მანდატები მხოლოდ მათზე გადანაწილდა.
აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ 21 მანდატია, აქედან უმეტესობა "ქართულ ოცნებას" აქვს. პროპორციული სიით 18 მანდატიდან, 11 "ოცნებას" ხოლო 7 – "ენმ"–ს ერგო.
აჭარის სამივე მაჟორიტარულ ოლქშიც "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. ჯამში 21 მანდატიდან 14 ქართულ ოცნებას, 7 კი გაერთიანებულ ოპოზიციას ექნება. თუმცა ოპოზიის ბოიკოტის გამო, აჭარის უმაღლეს საბჭოშიც მხოლოდ ქართული ოცნება იქნება.
ნაციონალური მოძრაობის წევრები, დღეს ამბობდნენ, რომ "უსკო" ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებას, ოქმების უმეტესობაში დისბალანსის მიუხედავად აპირებდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ცესკომ საბოლოო სხდომა გამართა და თამარ ჟვანიამ არჩევნების შედეგები, ხმაურის ფონზე, საზოგადოების პროტესტისა და აქციების მიუხედავად, შეაჯამა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე