ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემდეგ, შემაჯამებელ დოკუმენტს დღეს, 4 დეკემბერს აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მიიღებენ.
აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ 21 მანდატია, აქედან უმეტესობა "ქართულ ოცნებას" აქვს. პროპორციული სიით 18 მანდატიდან, 11 "ოცნებას" ხოლო 7 – "ენმ"–ს ერგო. აჭარის სამივე მაჟორიტარულ ოლქშიც "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა.
აჭარაში ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც 5%–იანი ბარიერი გადალახა "ნაციონალური მოძრაობაა", თუმცა ისინი, მოპოვებული მანდატების მიუხედავად აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებენ. პარტიაში ამბობენ, რომ "უსკო" ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებას, ოქმების უმეტესობაში დისბალანსის მიუხედავად, აპირებს.
"უსკოს საიტზე გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემით, რომლითაც უსკო შედეგებს შეაჯამებს, 373 ოქმიდან, 164–ში არის დისბალანსი. ბათუმის 120 ოქმიდან, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ვგულისხმობ, 75–ში არის დისბალანსი. ამას ყველაფერი შეიძლება ეწოდოს არჩევნების გარდა", –ამბობს ენმ–ს ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე.
დღეს "უსკოს" სხდომა 13:00 საათზე ოპოზიციის პროტესტის ფონზე გაიმართება. ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ისევ კარვები აქვთ გაშლილი და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. გრძელდება აქცია ბუშტებით და საბჭოთა კავშირის სიმბოლიკითაც.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ცესკომ საბოლოო სხდომა გამართა და თამარ ჟვანიამ არჩევნების შედეგები, ხმაურის ფონზე, საზოგადოების პროტესტისა და აქციების მიუხედავად, შეაჯამა.