ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა, ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი "გვირაბის ბოლოს სინათლეა", თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პანდემია ქრება.
"ვაქცინების განვითარებას მივყავართ იმ გზაზე, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე დავინახოთ, თუმცა ჯანმო შეშფოთებულია საზოგადოებაში გაჩენილი აღქმით, თითქოს, პანდემია დასრულდა", - ამბობს გებრეისუსი.
მისივე თქმით, პანდემიას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი და ამ კურსს განსაზღვრავს მოქალაქეებისა და სახელმწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
გებრეისუსის გარდა, თემას ჯანმოს ექსპერტი, მაიკ რაიანიც, გამოეხმაურა და თქვა, რომ მხოლოდ ვაქცინა ვერ დაასრულებს პანდემიას.
"ვაქცინები ნულოვან კოვიდს არ უდრის", - ამბობს ექსპერტი.
რაიანი ფიქრობს, რომ ქვეყნებმა უნდა მოახერხონ დაწესებული შეზღუდვების კონტროლი და სიტუაციასთან გამკლავება, რადგან "ჯანდაცვის ზოგიერთი სისტემა ახლა კოლაფსშია".
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში უკვე იწყება მოსახლეობის აცრა - ის პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინას იმუნიზაციისთვის გამოიყენებს.