საქართველოს პროკურატურამ "ზღვის ჰოსპიტალზე" განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე სამ პირს - ი.წ-ს, გ.ჯ-ს და ვ.ნ-ს ბრალდება წარუდგინა. შემთხვევა თბილისსი პირველ დეკემბერს მოხდა. ბრალდებულთაგან ორი უშუალოდ მონაწილეობდა თავდასხმაში, თუმცა ისინი გ.ჯ.-ს კუთვნილი მანქანით გადაადგილდებოდნენ. პოლიციამ მისი ჩრეკისას ნარკოტიკი ამოიღო.
"ცეცხლსასროლი იარაღითა და სანადირო თოფით შეირაღებული ი.წ და ვ.ნ., რომლებიც გ.ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, შპს „ზღვის ჰოსპიტალს“ დაესხნენ თავს, რა დროსაც იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაცვის თანამშრომელს რ.ლ-ს ჰოსპიტალის კარის გაღება მოსთხოვეს. რ.ლ.-მ მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც თავდამსხმელებმა სამი გასროლა განახორციელეს, მათ შორის ვ.ნ-მ ყაჩაღობის ჩადენის გაადვილების მიზნით, მოკვლის განზრახვით, რ.ლ-ს მიმართულებით გაისროლა, თუმცა დაზარალებულს ტყვია ასცდა და მან გაქცევა და დამალვა შეძლო. აღნიშნულის შემდეგ ორივე თავდამსხმელმა ჰოსპიტალის მიმღებში შეაღწიეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ სალაროში არსებულ 3 559 ლარს და გ.ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", - წერია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცავებმა 2020 წლის 3 დეკემბერს ი.წ. გურჯაანის რაიონში, ხოლო გ.ჯ. და ვ.ნ. დუშეთის რაიონში დააკავეს. გ.ჯ.-ს პირადი ჩხრეკისას პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით 0,502 გრ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.
ბრალდების მხარემ სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.