სასამართლოს დამოუკიდებლობა მხოლოდ ერთერთია იმ უამრავი პრობლემიდან, რომელიც დღეს საქართველოს აწუხებს. ქვეყანა ყველა სფეროში უკან იხევს და ცვლილებები, რომ არის საჭირო, ამაზე დღეს აღარავინ დაობს. არადა, ყველაფერი სულ სხვანაირად იწყებოდა. 2003 წელს საქართველოში "ვარდების რევოლუცია" მოხდა და იმ პერიოდში ოპტიმიზმი თითქოს ჰაერში ტრიალებდა. ჩვენ გვჯეროდა, რომ სულ ცოტაც და ნამდვილი ევროპული დემოკრატია გავხდებოდით. თუმცა, შემდეგ ყველაფერი ისევ კარდინალურად შეიცვალა. 

2012 წლის არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება, წესით, დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს და კიდევ იმის დასტურად, რომ რაღაცაში მართლაც გავხდით ნამდვილი ევროპული დემოკრატია. 

თუმცა, ქაქში დგომა, ცოტა არ იყოს, გაგვიგრძელდა და დღეს ქვეყანა სტაბილური სტაგნაციის პერიოდს გადის. ყველაზე ცუდი რაც არის, აქედან სწრაფი გამოსავალი არ ჩანს, რადგან მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ლოდინს ამჯობინებს და, როგორც თავად მიაჩნია, სანამ უკეთესი ვარიანტი გამოჩნდებოდეს, „ოცნებას“ რომ ქვეყნის სადავეები ხელში კიდევ ოთხი წლით დარჩეს, არც არაფერი დაშავდება. არადა, აშკარად შავდება და თან საკმაოდ ბევრი რამ. თითქმის ყველაფერი. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მოქმედებს და ლოდინის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს. 

არსებული ეკონომიკური სტაგნაციის გაგრძელება იქით იყოს და ჩვენს მთავრობას ვერც საგარეო პოლიტიკის ფრონტზე ენდობა კაცი. ის კი არა, უკვე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ნათელი, რომ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკით "ქართულმა ოცნებამ", რბილად რომ ვთქვათ, ძალიან შორს შეტოპა და, მაგალითად, გრიგორი კარასინი უკვე ღიად დაგვცინის, თუ გინდათ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები აღდგეს, კრემლის მიმართ პრეტენზიებს ნუ გამოთქვამთ და გავრილოვის ამბავზეც აღიარეთ, რომ შეცდითო. 

მოკლედ, „ქართული ოცნების“ მმართველობის 8 წლის თავზე ქართველებმა აღმოვაჩინეთ, რომ ქვეყანა რუსულ გზას ადგას და თან არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი დამოუკიდებელი არ არის. ანუ, უფრო აღმოსავლურ ტირანიას დავემსგავსეთ, ვიდრე დასავლურ დემოკრატიას, რომლისკენაც დეკლარირებულად მივისწრაფით. ყველაფერთან ერთად, საარჩევნო კომისია, რომელიც, წესითა და რიგით, ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების გარანტი უნდა იყოს, მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბად ქცეულა. ასეთ ვითარებაში კი ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტირების გარდა სხვა გამოსავალს ვერ ხედავს.   

ასეთ ვითარებაში ერთადერთ იმედად დასავლეთი, განსაკუთრებით კი, ამერიკის შეერთებული შტატები გვრჩება, სადაც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი შეიცვალა და, მასთან ერთად, გვჯერა, რომ პოლიტიკაც ცოტათი სხვანაირი, ჩვენთვის უფრო სახეირო გახდება. ამის პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა, როდესაც არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გუნდის წევრებმა საქართველოს მხარდამჭერი რამდენიმე განცხადება გააკეთეს. 

თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ სხვა არ გააკეთებს და საბოლოო ჯამში, თავის ქვეყანას ყველამ თავად უნდა მიხედოს. რობი კუხიანიძეს, მაგალითად, მიაჩნია, რომ ყველაფერზე მაღლა თავისუფლება დგას და ადამიანებმა სწორედ თავისუფლება უნდა მოითხოვონ, და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხელისუფლების სათვეში მოსვლა ან ოპოზიციის პარლამენტში შესვლა.   

საბოლოო ჯამში, დასავლეთიც ამას ითხოვს ჩვენგან, რადგან დასავლური დემოკრატია სწორედ ადამიანის თავისუფლებას ნიშნავს პირველ რიგში და სანამ ქვეყანაში ყველა ადამიანი ერთნაირად თავისუფალი არ არის, სანამ სასამართლო სამართლის დამცველის ნაცვლად ადამიანების მჩაგვრელი გამხდარა, მანამდე ნორმალურ საზოგადოებაში უბრალოდ არაფერი გვესაქმება. როგორც ჩვენ ვუყურებთ დასავლეთს იმედის თვალით, სწორედ ასეთივე იმედით გვიყურებს დასავლეთი ჩვენ და კარგი იქნება, თუ ერთმანეთს იმედებს არ გავუცრუებთ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი