საჩხერეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 24 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულებს ვირუსი გეგმიური ტესტირების შედეგად გამოუვლინდათ. თანამშრომლების ინფიცირების გამო, ამ დროისთვის სასწრაფოს დახმარების ოთხი ჯგუფიდან მხოლოდ ერთი მუშაობს.
ინფიცირებული თანამშრომლების ნაწილი საცხოვრებელ სახლებში, ნაწილი კოვიდსასტუმროებში იმყოფება.
ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით იმერეთის რეგიონი, დედაქალაქის შემდეგ, მეორე ადგილზეა. რეგიონში არსებულ კოვიდცენტრებში 1200-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს.
180 პაციენტი მოთავსებულია საჩხერის სამედიცინო ცენტრში, აქედან 55 პირი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. პანდემიის პერიოდში სამედიცინო დაწესებულება 700-ზე მეტ პაციენტს მოემსახურა.
აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი - 5 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 306 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 37 პაციენტი გარდაიცვალა.