ოპოზიციის წევრები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ კოვიდპანდემიის მართვისას არაპროფესიონალიზმი და არაკომპეტენტურობა გამოიჩინა.
"მთავრობის პოლიტიკა, ჯანდაცვის მიმართებაში, თუნდაც, პანდემიასთან მიმართებაში, სრულიად არაეფექტურია. ჩვენ შევწირეთ ეკონომიკა და ყველაზე ცუდი შედეგი გვაქვს მსოფლიოში, რაც კატასტროფაა და ერთ-ერთი ფაქტორია იმისი, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს, ჩვენ არ მოვემზადეთ პანდემიის მეორე ეტაპისთვის, გამოვაცხადეთ გამარჯვება პანდემიაზე და თავს ვიწონებდით, თითქოს, საუკეთესო შედეგი გვქონდა და დღეს მივიღეთ ის, რომ პირველ ადგილზე ვართ გავრცელების მხრივ", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, ლევან ანთაძე.
IPSOS-ის კვლევებით ირკვევა, რომ კოვიდპანდემია გამოკითხულთა 72%-ს ძალიან აღელვებს. გამოკითხულთა ნახევერზე მეტი (55%) ამბობს, რომ დანაზოგი ერთი თვეც არ ეყოფა.ეპიდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოკითხულთა 62%-ის შემოსავალი შეამცირა.
ოპოზიციის წევრები ფიქრობენ, რომ IPSOS-ის კვლევის შედეგები სიმართლეს შეესაბამება.
"ზოგჯერ, როცა ვუსმენ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, შთაბეჭდილება მაქვს, რომ სხვა ქვეყანაზე საუბრობენ და არა ჩვენს ქვეყანაზე. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ის კვლევები, რაც არის, შეესაბამება სიმართლეს. ადამიანი რჩევა ერთი ერთზე კოვიდთან და აქვს იმის შიში, რომ რაღაც რომ მოუვა, არის ფაქტობრივად მარტო", - ამბობს "ლელოს" წევრი, ვახტანგ სურგულაძე.
ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ მთავრობა კოვიდპანდემიის გამოწვევებს ვერ გაუმკლავდა. მათი თქმით, ახლა მთავარია, შეიცვალოს ხელისუფლება და ეპიდემიასთან საბრძოლველად სწორი გეგმა გაიწეროს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 988 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.
შეზღუდვების მიხედვით, გაჩერდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, დაიხურა და მიტანის სერვისზე გადავიდა ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც.
საზოგადოებაში ამბობენ, რომ "თუ არ გაქვს პრივილეგია, განწირული ხარ" - კლინიკაში მოხვედრა დღეს ისევ გამოწვევად რჩება.