ფოთის საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თანამშრომელთა აღკვეთის შეფარდების შესახებ ზუგდიდის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. ისინი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. 4 დაკავებული მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს. აღკვეთის სახედ, პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს.
"მთავარის" ინფორმაციით, საქმე უკვე 4 წელია თაროზეა შემოდებული და ახლა მისი წამოწევა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის გააქტიურებას უკავშირდება. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი კაკულიას, მეუფე გრიგოლთან მჭიდრო კავშირი აქვს, მეუფე გრიგოლი კი ბოლო დროს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მხარდამჭერს განცხადებებს აკეთებს. კაკულიამ ფოთის მერობის პერიოდში თეატრის შენობის ტერიტორია ფოთის ეპარქიას გადაეცა. ახლა იქ ფოთის საკათედრო ტაძარია. თავად მეუფე გრიგოლი ამ თემაზე არ საუბრობს. მღვდელმთავარი არ პასუხობს კითხვას, უკავშირდება თუ არა ირაკლი კაკულიას დაკავება მასთან ახლობლობას:
"ეს შენობა დააბრუნა ხელისუფლებამ, აღადგინა ხელისუფლებამ, ტაძრის ქვედა სართულიც გააკეთა ხელისუფლებამ..." აცხადებს მეუფე
ფოთის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნების საქმის მასალები ძირითადად ფოთის ინფრასტრუქტურულ ტენდერებს და სატენდერო პირობების კონკრეტული კომპანიებისთვის მორგებას უკავშირდება. ერთ ერთი საქმის მიხედვით, კომპანია "პირამიდას" ირაკლი კაკულიასთვის ქრთამის სახით 170 ათასი ლარი აქვს მიცემული.
"ქრთამის დადასტურება ესე ადვილი არ არის. ერთადერთი ბრალი, რაზეც შეიძლება შემოგვედაონ არის, თურმე 4 მილიონიან პროექტში 18 ათასი ლარის ზიანის მიყენება. ეს არ იყო 4 მილიონიანი პროექტი. სავარაუდოდ ამაზე გათვლილი იყო 18 მილიონი, მაგრამ რაც შესრულდა, ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, ხარისხიანად არის შესრულებული, მაგრამ რამოდენიმე წელი, ვინაიდან განვითარება ვერ პოვა, ის რაც გაკეთებული იყო, ისიც გაფუჭებისკენ წავიდა." აცხადებს კაკულიას ადვოკატი ედიშერ ქარჩავა.
ოპოზიციაში კი ფოთის საკრებულოს მაღალჩინოსნების დაკავება არ უკვირთ და ამბობენ, რომ რეგიონში სისტემური დანაშაული და კორუფცია ჩვეულებრივი ამბავია
"ეს არის სისტემურად აწყობილი სქემა. ვერავინ ფოთში ვერაფერს ვერ გააკეთებს თუ მაღლიდან არ აქვს მწვანე ანთებული" აცხადებს ფოთის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დარეჯან ცხვიტარია
ირაკლი კაკულია, საკრებულოს ორი მოქმედი და ერთი ყოფილი თანამშრომელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 8 ნოემბერს დააკავა. გამოძიება მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
4 დაკავებულის გარდა, "მთავარის" ინფორმაციით, ამ საქმეზე კიდევ 7 პირს აქვს ბრალი წარდგენილი.