ხობში კომენდანტის საათის დროს 73 წლის ქალი აწამეს და დააყაჩაღეს

გამოქვეყნდა:

ხობის სოფელ ნოჯიხევში, კომენდატის საათის დროს 73 წლის ქალი ცხელი უთოთი აწამეს და დააყაჩაღეს. თავდამსხმელები ქალს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ვიდრე გონება არ დაკარგა.

როგორც დაზარალებული ყვება, ყაჩაღები სახლში ფანჯრიდან შეიჭრნენ, სიბნელის გამო ქალმა მათი ვინაობა ვერ გაარჩია. 

"4 საათი იყო, კომენდანტის საათი და მაშინ მოვიდნენ, ფულები ამოყარეო, არ მომკლათ მეთქი ვუთხარი, ყველაფერი წაიღეს, ფული გვინდაო, მცემეს, უცებ რომ შემოვიდნენ, ხელები შემიკრეს და დამაგდეს ქვემოთ, მუშტები მირტყეს" – ყვება დაზარალებული მედეა გოცირიძე.

ყაჩაღებმა ქალი ღამით გაკოჭილი დატოვეს. სახლიდან წაღებულია თანხა.

დაზარალებული ამჟამად ნათესავის სახლშია, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა კონტაქტურია და ექსპერტიზის ჩატარებას ელოდება. ქალმა ნათესავებს დახმარება თავად სთხოვა. ნათესავების თქმით, ქალს ინსულტი აქვს გადატანილი.

ხობში ყვებიან, რომ მსგავსი სასტიკი შემთხვევა, 90–იანი წლების შემდეგ არ ახსოვთ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ჯერჯერობით ყაჩაღები თავისუფლები არიან.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი