მესამე რაუნდის შედეგი მეოთხე რაუნდია - 6 საათიანი უშედეგო მოლაპარაკება

გამოქვეყნდა:


ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელები უპასუხოდ ტოვებენ მთავარ კითხვას - დარჩება თუ არა "ოცნება" პარლამენტში მარტო. 

დიპლომატების შუამავლობით გამართული 6 საათიანი მოლაპარაკება დასრულდა იმით, რომ მესამე რაუნდის შემდეგ ახლა ყველა მეოთხე რაუნდის ელოდება. მხარეებმა მხოლოდ პოზიციები გაცვალეს და არაფერზე შეთანხმებულან.

ერთადერთი რაც ამერიკის ელჩის რეზიდენციიდან გამოსულმა ოცნების ლიდერებმა დარწმუნებით თქვეს - ბიძინა ივანიშვილი რიგგარეშე არჩევნებს კატეგორიულად არ თანხმდება. 

მესამე რაუნდზე ოცნებამ შემადგენლობა გააძლიერა და მოლაპარაკებაზე პირველად ირაკლი კობახიძე საგანგებოდ გააგზავნა. პარლამენტის გადაყენებულ თავმჯდომარეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს, არ დაუმალავს რომ ოპოზიციურ  პარტიებთან მუშაობენ და მომავალ წელს პარლამენტში  ყველა პარტია იქნება.

ვისგან  ელოდება  ბიძინა ივანიშვილის გუნდი  გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას, ეს ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია. პოლიტპატიმრების გამოშვებაზე კი ოცნებამ პასუხისმგებლობა მოიხნა.

გადაწყვეტილების მიმღები, რომ ოცნებიდან არც ირაკლი კობახიძეა და არც თალაკვაძე, ეს დღეს დიპლომატებს ლეიბორისტების ლიდერმა შეახსენა. 

ელჩებს შალვა ნათელაშვილმა შიდა შეხვედრაზეც მიმართა და სთხოვა, რომ ოცნებას ხვალ, მეოთხე რაუნდზე,  ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენდეს. 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას დრო ცოტა აქვს, რადგან კვირის ბოლოს მეათე მოწვევის პარლამენტი იკრიბება, დათმობაზე კი არავინ მიდის.

ოპოზიცია  მოლაპარაკების მესამე რაუნდზე 4 პუნქტიანი კონკრეტული წინადადებით მივიდა - ვადამდელი არჩვენები;​ პოლიტპატიმრების გათავისუფლება; საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა;

"ოცნებისთვის" ეს პუნქტები მიუღებელია და ოპონენტებს მხოლოდ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე, თვითმმართველობის არჩევნებისთვის პროპორციების გადანაწილებასა და ბარიერის დაწევაზე ესაუბრება. 

ელჩების შუამავლობით ხვალ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის   მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი გაიმართება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი