ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი, ირმა სირაძე გარდაიცვალა. ის მკურნალობას თავდაპირველად კოვიდ სასტუმროში გადიოდა, მოგვიანებით კი კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტს თანმდევი დაავადებები არ ჰქონია.

"გადმოსულია საკარანტიონო სივრციდან 10 ნოემბერს, მდგომარეობა მკურნალობის მიუხედავად თანდათან დამძიმდა, ჩართულები იყვნენ სპეციალისტები, მაგრამ მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა და დაიღუპა. შემოვიდა ფილტვების დაზიანებით 16-18 ქულა, თანმდევი დაავადებები არ ჰქონია", - ამბობს ექიმი მიხეილ მჟვანაძე. 

ამ თემაზე კითხვას დღეს უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს შეიძლება არ იყოს სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების ბოლო ფაქტი.

"ექიმების დეფიციტი საქართველოში იყო პანდემიამდეც, როგორც თქვენ აღნიშნეთ და ამ დეფიციტს ჩვენ ვერც 6 თვეში და ვერც 1 წელიწადში ვერ დავძლევთ, ვინადიან ექიმების გადამზადებას და მომზადებას მრავალი წელი ესაჭიროება, სულ მცირე 5-დან 12-მდე. ჩვენ რიგებს აკლდება ისეთი გმირი ექიმები, როგორიც დღეს დაასახელეთ, სამწუხაროდ, ეს შეიძლება არ იყოს ბოლო ფაქტი, თუმცა ჩვენ მივმართავთ ყველა ღონისძიებას იმისთვის, რომ როგორც ადგილზე, ისე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ხელშეწყობა", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 893 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში 1 123 მძიმე პაციენტია, მათგან 425 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 

შემთხვევების რეგიონალური განაწილება სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი