ფიქრად ახმედოვის ოჯახი რასიმ ისაევის მკვლელობაში მათ კავშირს და შურისძიებას გამორიცხავს. ჩვენთან საუბარში ოჯახი აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა პოლიციამ გუშინ მათი სახლი გაჩხრიკა და ერთ-ერთი წევრი დაკითხვაზე 5 საათის განმავლობაში ჰყავდათ გადაყვანილი.
"ოჯახში კაცი არ მყავს, რომ ჩემი შვილის მკვლელობაზე შური იძიოს, წავიდნენ და სხვაგან ეძებონ მკვლელი. არანაირი კავშირი არ გვაქვს მაგ ამბავთან, პოლიციაც იყო გუშინ მოსული, ჩემი შვილიშვილი წაიყვანეს და 5 საათი კითხავდნენ, მერე ნახეს კამერების ჩანაწერები, რომ მეორე ბებიასთან იყო, სახლიც გაჩხრიკეს და ვერაფერი ნახეს", - ამბობს ოჯახის წევრი.
მისი თქმით, მისი შვილი 5 წლის წინ მოკლეს და ვინმეზე შურისძიება არასდროს უფიქრიათ.
რასიმ ისაევის ცოლი კი ამბობს, რომ ქმრის მკვლელობა, სავარაუდოდ, სწორედ 5 წლის წინ მომხდარ დანაშაულს და შურისძიებას უკავშირდება. ოჯახი ამბობს, რომ გარდაცვლილს მისი ძმის, რამინ ისაევის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაუსწორდნენ. ეს 2015 წელს მომხდარ დანაშაულს ეხება, როცა რამინ ისაევმა ფიქრად ახემდოვი რელიგიური კონფლიქტის ნიადაზგე მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არავინაა.