
"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, თაკო ჩარკვაინი ამბობს, რომ ოპოზიცია ახლა მონოლითური უნდა იყოს და პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. მისი თქმით, ოპოზიცია ინარჩუნებს ერთიან პოზიციას. ამ თემაზე თაკო ჩარკვიანმა გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.
"მერწმუნეთ, არსად ვაშაძე შესვლას არ აპირებს. არ დავასხათ ივანიშვილის წისქვილზე წყალი. ახლა შერყევა არ გვჭირდება ოპოზიციას, უნდა ვიყოთ მონოლითურები. გთხოვთ, ვინც ახლა აღმოჩნდება ვაჟკაცი და გაჩუმდება, ოქროს ფასი აქვს ახლა სიჩუმეს. პარლამენტში შესვლა ეს არის სრულად აღვირახსნილი საქციელი და სამართლებრივად ეს არის, რომ დანაშაულში შეყვე დამნაშავე ხელისუფლებას. სტრატეგია აღმაშენებელი არ შევა, არ შედის გიორგი ვაშაძე პარლამენტში", - თქვა თაკო ჩარკვიანმა.
ჩარკვაინის განცხადებით, განცხადება, რამაც პარტიის მიმართ ეჭვი გააჩინა იყო უბრალოდ პოლიტიკოსის მიერ არჩეული ფორმა, თუ როგორ გამოხატავდა აზრს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს "მთავარი არხი" ბინძურ კამპანიაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ამას მუდმივად დაუპირისპირდებიან. მოგვიანებით, განცხადებას გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ არხზე თავდასხმას არავის აპატიებს, გირგი ვაშაძეს კი ეთერში მისვლა და ღიად საუბარი შესთავაზა.