ვინ გაიყიდება და ვინ არა - 3 დღე პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე

გამოქვეყნდა:

გადამწყვეტი მეოთხე რაუნდის წინ ოპოზიცია "ლელოს" ოფისში შეიკრიბა. დაადასტურეს რომ ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციური ერთობის დაშლასა და სხვადასხვა პარტიებიდან ინდივიდუალური მოლაპარაკებებით  კონკრეტული დეპუტატების მოსყიდვას ცდილობს.

ლიდერებმა ოცნებასთან  გარიგების შესაძლო მონაწილეებს პირდაპირ უთხრეს, რომ ეს ამომრჩევლის ღალატია და გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის თავიან თავს პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანენ. 

ლელოს ოფისში დღეს არ მისულან ის პოლიტიკოსები, ვისზეც გავრცელდა ინფორმაცია რომ პარლამენტში შესვლას აპირებენ - ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე. 

"სტრატეგია აღმაშენებელს" იქ სერგო ჩიხლაძე წარმოადგენდა. გაყოფილი "გირჩებიდან" კი ადგილზე ყველა მივიდა. 

ვახო მეგრელიშვილმა, რომელიც ოპოზიციიდან პარლამენტში სავარაუდო შემსვლელთა რიგებშია, იხუმრა რომ შესვლას მხოლოდ იმ შეთხვევაში აპირებს თუ ენმ-საც იგივეზე დაითანხმებს. 

ოპოზიციის ის ნაწილი კი ვინც ფორმალურად ბარიერი ვერ გადალახა და ელჩებთან მოლაპარაკებებს არ ესწრება, დღეს მათივე კოლეგებს საგანგებოდ მიმართა. 

მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილთან ფარულ გარიგებაში შესვლას და დეპუტატის მანდატის მიღებას კონკრეტული სახელი აქვს და ეს მოღალატეობასა და გამყიდველობას ნიშნავს. პოლიპატიმრის სტატუსით რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს კოლეგებს შეახსენა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთთან ბრძოლის გამო ისხდნენ პოლიტიკოსები ციხეში.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები ამბობენ, რომ ოლიგარქი გამოიყენებს მოსყიდვას, შანტაჟს და თუ დასჭირდება ოპონენტებს გამოუქვეყნებს პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებსაც. ეკა ბესელიას თქმით, პოლიტიკურ ველზე ასე საქმიანობა ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის ხელწერად დიდი ხანია იქცა.

ვინ გაიყიდება და ვინ არა, 3 დღეში გაირკვევა. პარასკევს, 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განკარგულება უკვე გამოსცა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი