"თავისუფლება პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პირებს" - ამ გზავნილით აქცია დედაქალაქის რამდენიმე ნაწილში იმართება. სამოქალაქო აქტივისტებმა სტიკერებიც გააკრეს, მათ შორის, დედაქალაქის მთავარ გამზირზე - რუსთაველზე და ბანერები გადაფინეს ხიდებზე.
"ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ გიორგი რურუა პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. ის აფინანსებდა "მთავარ არხს", ოპოზიციურ საპროტესტო გამოსვლებს, სამოქალაქო აქტივისტებს და იყო ბიზნესმენი, რომელიც გვერდში ედგა ოპოზიციურ აზრს საქართველოში. ვაშინგტონში და ბრიუსელში ოფიციალურად ცნეს გიორგი რურუა პოლიტ.პატიმრად", - ამბობს აქტივისტი, ირაკლი ფავლენიშვილი.
ამჟამად აქცია მიმდინარეობს იუსტიციის სახლთან არსებულ ხიდსა და მშვიდობის ხიდზე - აქტივისტებმა გადმოფინეს ბანერი გზავნილით "თავიუფლება პოლიტ.პატიმარ გიორგი რურუას".
"გიორგი რურუა არის ადამიანი, რომელიც 3 რაღაცის გამო ჰყავს დაკავებული ამ ხელისუფლებას - ეს არის სამშობლოს სიყვარული, თავისუფალი სიტყვისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერა", - თქვა ერთერთმა აქტივისტმა.
"ჩვენ გვყავს პოლიტ.პატიმრები, რომლებიც აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ, ისინი არ იმსახურებენ ტყვეობას 1 კაცის ხუშტურების გამო", - ამბობს ნიკა ფარულავა.
თავის მხრივ, პარლამენტის დროებით ღობეზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სიმბოლური სტიკერები გააკრეს პოლიტ.პატიმრების გამოსახულებებით.
"რურუას დაემატა მელაშვილი-ილიჩოვა და ასევე ხუსკივაძე-კობალაძე. ამიტომ ეს არის სიმბოლური აქცია" - თქვა "ენმ"-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ პოლიტ.პატიმრების გათავისუფლებამდე.