ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია და ეს იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის საბაბით, საერთო ჯამში, 200 მილიონი დახარჯა, აქედან მედპერსონალზე ამ თანხის მხოლოდ 0,5% გაიცა, რაც მიზერული თანხაა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ თანხის დახარჯვის ეფექტურობა შეისწავლეს და საეჭვო გარიგებებზეც მიანიშნებენ, რასაც ადასტურებს ფაქტი, რომ ზოგიერთ დოკუმენტაციაზე მათ წვდომა ვერ მიიიღეს.
IDFI - ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ ეს 200 მილიონი, ძირითადად, 2020 წლის 15 მარტიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში, სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურებისთვის სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხაა.
ექსპერტებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ეს თანხა თავის დროზე, მიზანმიმართულად, სწორი გათვლებით უნდა დახარჯულიყო.
ეს თანხა რომ თავის დროზე სწორად განკარგულიყო და დახარჯულიყო სასუნთქი აპარატების შესაძენად, ექიმების დასატრენინგებლად, დღეს უკეთესი შედეგი გვექნებოდა, არ გვექნებოდა ამხელა სიკვდილიანობა... აღსანიშნავია, რომ ამ 200 მილიონიდან მხოლოდ 600.000 ანუ, 0,5% დაიხარჯა უშუალოდ მედიცინის მუშაკებზე გასაცემად, ასე რომ, რა თქმა უნდა, არამიზნობრივი ხარჯვა სახეზეა, - ამბობს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე.
მაშინ, როცა ხელისუფლებამ შეაჩერა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაწილი, სახეზეა პოლიტიკური ნიშნით შერჩეული სასტუმროები, რომლებსაც მომსახურებისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხებს ურიცხავდნენ.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.
შეზღუდვების მიხედვით, გაჩერდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, დაიხურა და მიტანის სერვისზე გადავიდა ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც.
საზოგადოებაში ამბობენ, რომ "თუ არ გაქვს პრივილეგია, განწირული ხარ" - კლინიკაში მოხვედრა დღეს ისევ გამოწვევად რჩება.