პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა პოლიტიკური პოზიცია ერთ დღეში შეცვალა. ალეკო ელისაშვილი ჯერ კიდევ გუშინ პარლამენტში შესვლაზე ბრალდებებს ტუტუცურს უწოდებდა, თუმცა დღეს აღარ დაუმალავს, რომ ის ქართული ოცნების მხრიდან მცირედ დათმობაზეც კი პარლამენტში შევიდეს. ელისაშვილის განცხადებიდან დღეს სრულად გაქრა რიგგარეშე არჩევნები, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთავარ მოთხოვნად აყენებს. მეტიც,ალეკო ელისაშვილმაც და ლევან იოსელიანმაც პროცესების არევასა და ჩაშლაში მათივე თანამებრძოლები დაადანაშაულეს.
პარტია მოქალაქეების იდეას მალევე გამოუჩნდა თანამოაზრეები. ორად გაყოფილი გირჩის ნაწილი დღეს აღარ მალავდა, რომ თუ ქართული ოცნება მოლაპარაკებების მაგიდასთან საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებებზე დათმობაზე წავა, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილი შესაძლოა პარლამენტში ვიხილოთ. თუმცა ერთი პირობით - თუ ისინი დაარწმუნებენ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებისთვის მათთან ერთად მეათე მოწვევის პარლამენტში სხვებიც შევიდნენ.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე 2 დღე რჩება. ოპოზიციის უმრავლესობა კი მეტეხის ტაძართან დეკლარაციას ხელს მოაწერს და დაადასტურებს, რომ ლეგიტიმაციის არმქონე საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ.
ლიდერები დემონსტრაციულად ჩახსნიან პარტიულ სიებს და სათითაოდ მიმართავენ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებისთვის. თუმცა იქნება თუ არა მათ შორის გიორგი ვაშაძე, ჯერჯერობით უცნობია.
ისტორიულ სხდომამდე 1 დღით ადრე მოლაპარაკებების გადამწყვეტი რაუნდი ჩაინიშნა. მეხუთე რაუნდის წინ კი ივანიშვილმა ირაკლი კობახიძის პირით ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების ახალი და უპრეცედენტო ტალღა დააანონსა.
ხელისუფლების ოპონენტები კობახიძის ულტიმატუმიდან მალევე შეიკრიბნენ პარტია ლელოს ოფისში იმის დასადასტურებლად, რომ ქართული ოცნების შანტაჟის მთავარ ოპოზიციურ ძალებს არ ეშინიათ.
ივანიშვილის გუნდის მიერ გამოცხადებული რეპრესიების და ოპონენტების მიმართ შანტაჟის შემდეგ რამდენად ექნება აზრი მოლაპარაკებებს და შეხვედრებს ქართულ ოცნებასთან? ეს არის ახლა მთავარი კითხვა რაზეც ოპოზიციონერმა ლიდერებმა პრინციპული პოზიცია უნდა დააფიქსირონ. ვინ დაუკანონებს ივანიშვილს გაყალბებული არჩევნების შედეგებს, ეს სულ მალე გახდება ცნობილი.