
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 10-11 დეკემებერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის მხრიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს მოქალაქეების გატაცებები საოკუპაციო ხაზიდან -ეს არის ის თემები, რაზეც საგარეოს ცნობით, ქართული მხარე გაამახვილებს ყურადღებას
გარდა ამისა, ისაუბრებენ ე.წ. ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების „პროგრამის“ დამტკიცებაზე:
„ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას. მათ შორის, ირაკლი ბებუას დაკავების საკითხს, რომელსაც სწორედ ჟენევის მოლაპარაკებების წინ მიუსაჯეს 9 წლიანი “პატიმრობა”, რაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან წარმოადგენს პროვოკაციულ ქმედებას.
განხილული იქნება ახალგორისა და გალის რაიონებში არსებული რთული ჰუმანიტარული სიტუაცია და ხაზი გაესმება თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის მნიშვნელობას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციის დაუბრკოლებლად განხორციელების აუცილებლობაზე, ისევე როგორც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შეწყვეტის აუცილებლობაზე - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.