დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემზღუდავი ღონისძიებები უკვე მოქმედებს, დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ მოდის, რამაც ოდნავი, მაგრამ არა დიდი ოპტიმიზმი უნდა მოგვცეს. ამ თემაზე გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.
"კარგია, რომ 10%-ით გავზარდეთ ქვეყანაში 55%-დან 65%-მდე პირბადის ტარების მაჩვენებელი, შინ და გარეთ, მაგრამ ეს უნდა იყოს, ხაზს ვუსვამ, 95%. 95% თუ გვექნა, მაშინ გაძლევთ პირობას, რომ საახალწლოდ სერიოზულად შეიძლება ჩვენ დავასტაბილიზიროთ მდგომარეობა. მაგრამ იმ პირობით, რომ თითოეულმა ადამიანმა გაითავისოს, რომ პირბადის ტარება არის ყველაზე კარგი დღეს პრევენციული ღონისძიება, რომ თუ ვართ ინფიცირებული სხვას არ გადავდებთ, ან თუ სხვაა ინფიცირებული, შენ არ გადმოგედება ინფექცია", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
დღეს, იგივე აზრი გამოთქვა ალერგოლოგ-იმულოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ დაიწყოს ნიღბის ტარება, რაც მოგვცემს ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი შემცირების საშუალებას და შესაბამისად, ეკონომიკას უფრო მეტი თავისუფლება მიეცემა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 045 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 პაციენტი გარდაიცვალა.
რეგიონალური განაწილება სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.