კორონავირუსის მე–5 დადასტურებული შემთხვევა მხოლოდ დღევანდელი დღის განმავლობაში - „კოვიდ 19“–ის გავრცელების სტატისტიკა ქვეყანაში უკვე საათობრივად იცვლება.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 49 შემთხვევაა დადასტურებული. ახალი შემთხვევებიდან 2 გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული, 1 აჭარაში და დანარჩენები თბილისის საავადმყოფოებში ნაწილდებია. ძირითადი სიმპტომები, რომელიც მათ აღენიშნებათ არის, ცხელება და ხველა. ინფექციონესტები აცხადებენ, რომ ყველა ახალ შემთხვევაზე დადგენილია კონტაქტები და მიდის მათი კვლევა.
ვირუსის შემთხვევების ზრდას ელოდება დაავადებათა კონტროლის ცენტრი. სპეცილაისტები საზოგადოებას მზადყოფნისკენ მოუწოდებენ. პაატა იმანძე ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად ხელისუფლების მიერ გაცემული გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანას ითხოვს.
რესპუბლიკური საავადმყოფო კი დღეიდან კორონა ვირუსთან საბრძოლველად ცენტრალური საავადმყოფო ხდება. კლინიკას ინფიცირებულებისთვის 120 თავისუფალი ადგილი აქვს, მათ შორის ექიმებს 50 ისეთი პაციენტის მიღება შეუძლიათ, რომლებსაც რეანიმაციული დახმარება დასჭირდება.
ახალი ვირუსით საქართველოს 20-მდე მოქალაქეა დაავადებული ქვეყნის ფარგლებს გარეთ. კორონავირუსით, ესპანეთში დღეს ახალგაზრდა ქართველი ქალი გარდაიცვალა. ვირუსთან ერთად მას ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა, რამაც ინფექცია გაართულა. ეს ესპანეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების უკვე მეორე ფაქტია.
მედიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე მომავალი კვირისთვის ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.