კობახიძის განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება - ISFED

გამოქვეყნდა:

"Სამართლიანი არჩევნები'' (ISFED) მიიჩნევს, რომ ხმების პარალელური დათვლის (PVT) შესახებ ''ქართული ოცნების'' აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის, მიერ  9 დეკემბერს გაკეთებული განცხადება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ორგანიზაციის დისკრედიტაციას.

"აღნიშნული განცხადება, ერთი მხრივ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ორგანიზაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და მეორე მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და უფრო პრობლემური საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას ემსახურება", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "სამართლიანი არჩევნების" მიერ ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის პროცესი დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმის გამოვლინება იყო. მისი თქმით, ორგანიზაციის მიერ ხმის დათვლის შედეგების უხეში მანიპულაცია რადიკალური ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა.

ამასთან, როგორც კობახიძე ამბობს, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დაამტკიცებს, რომ სინამდვილეში, ორგანიზაციის შედეგები სრულ თანხვედრაშია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებთან.

ISFED-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ორგანიზაციამ დაიწყო შუალედური ანგარიშის მომზადება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია როგორც PVT-ს აუდიტის შედეგების, ისე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ძირითადი მიგნებების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის თქმით, მე-10 მოწვევის პარლამენტში პირველი შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმენას დააინიცირებს.

კობახიძის განცხადებით, კომისია უბნების მასშტაბურ გადათვლასაც გააკეთებს და 1%-იანი გადახრის შემთხვევაშიც კი, "ოცნების სასარგებლოდ" მაშინ, რიგგარეშე არჩევნები გამოცხადდება. მისი თქმით, როგორც "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ასეთ შემთხვევაში თანამდებობას დატოვებს და ყველა პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდება. 

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი