პარლამენტში სირცხვილის დერეფნების გავლით - პროტესტი დილიდან დაიწყება

გამოქვეყნდა:

გავრილოვის ფასდადებულ პარლამენტში ხვალ დიდი დღეა. ქართული დემოკრატია ერთპარტიულ რეჟიმში ვისთვის პირველ, ვისთვის კი ბოლო წუთებს ითვლის. ქართული ოცნება კი ბიძინა ივანიშვილის „პატარა ტრიუკებით“ ერის დემოკრატიული ღირებულებების მესაფლავე ხდება.

ვიდრე ხელისუფლება კანონშემოქმედებითი საქმიანობისთვის ემზადება, სამზადისია სამოქალაქო აქტივისტებშიც. სირცხვილის დერეფნები, კვერცხები, ნაგვის ურნები და შეძახილები - პარლამენტში შემსვლელ დეპუტატებს ხვალ ძველი და კარგად ნაცნობი პროტესტი დახვდებათ.

არჩევნები, რომლის ფასიც ერმა 20 ივნისის ღამეს, თუნდაც მაკო გომურის თვალისჩინის დაკარგვით გადაიხადა, 11 დეკემბერს იმ საკანონმდებლო ორგანოს მიიღებს, სადაც „ერთი კაცის“ პარტიის დეპუტატები სირცხვილის დერეფნებს ისევ თავგამოდებით გაარღვევენ და მათი მათემატიკით, უფრო სწორად თამარ ჟვანიას მასტერკლასის წყალობით, 4 წელი ისაუბრებენ.

ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ქართულმა ოცნებამ მათ თავისუფალი არჩევანი მოპარა, ხვალ პარლამენტთან იდგება. საკანონმდებლო ორგანოს 3-ვე შესასვლელთან მისულ დეპუტატებს ბუშტები, ყვავილები და ფოიერვერკი არა, თუმცა საპროტესტო არსენალი ნამდვილად დახვდებათ.

პროტესტის ავტორი სამოქალაქო სექტორია - ადრესატი ხელისუფლება. თუმცა ახალგაზრდების სამიზნე, ის ოპოზიციონერებიც გახდებიან, ვინც ღირსეულ არჩევანში შეცდება და მმართველი გუნდის დეპუტატებთან საპარლამენტო სავარძლებს გაიყოფს.  მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ 12 საათზე, პროტესტი შენობის მიღმა კი გაცილებით უფრო ადრე, დილიდან დაიწყება.

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი