"ოცნების" საკანონმდებლო ორგანოს ისევ არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს, მისი მოადგილეები გიორგი ვოლსკი, კახა კუჭავა და ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო იქნებიან.
უმრავლესობას დიუსელდორფის უნივერსიტეტის დოქტორი, ქართული ოცნების უცვლელი სპიკერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, ამ პოსტზე ის მამუკა მდინარაძეს შეცვლის, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში კვლავ ფრაქცია"ქართული ოცნების" თავმჯდომარედ დარჩება.
ნიკა სამხარაძე, რომელსაც ოცნების პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტს ჩააბარებენ მთავარი არხის კამერას თანამდებობაზე დანიშვნამდე გაექცა, სამხარაძე ასეთ საპასუხისმგებლო პოსტზე სადეპუტატო გამოცდილების გარეშე პირდაპირ არჩილ თალაკვაძის სამდივნოდან მიდის. ევროინტეგარციის კომიტეტის თავმჯდომარე კი მაკა ბოჭორიშვილი იქნება, რომელიც ბრიუსელში საქართველოს საელჩოში დიდხანს მუშაობდა.
მმართველი პარტიის საკადრო გადაწყვეტილებების მთავარი სიურპრიზი მაინც თეა წულუკიანია. ბიძინა ივანიშვილის უცვლელი მინისტრი სამთავრობო ლოჟიდან საკანონმდებლო ორგანოში მისთვის არაპროფილურ კომიტეტს ჩაიბარებს. სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს წინააღმდეგ საქმეების ერთერთი ავტორი იმ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გახდება, რომელსაც მანამდე საზოგადოებისთვის უცნობი გენადი მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა.
ოცნებამ უკმაყოფილოდ არ დატოვა არც ამბოხებული დეპუტატები: დიმიტრი ხუნდაძეს , ნინო წილოსანს, მიშა ყაველაშვილს ჯანდაცვის, აგრალური და სპორტის კომიტეტების თამჯდომარეების პოსტები ერგებათ. ირაკლი ბერაია ირაკლი სესიაშვილს ჩაანაცვლებს და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი გახდება. იურიდიულ კომიტეტში კვლავ ანრი ოხანაშვილი რჩება, დიასპორის საკითხებს ბექა ოდიშარია უხელმძღვანელებს, ხოლო ადამიანის უფლებებს თეა წულუკიანის ყოფილი მოადგილე -მიხეილ სარჯველაძე. ირაკლი კოვაზანაძე საფინანსო კომიტეტს ჩაიბარებს.
ევროპული საქართველოს წევრებმა თავიანთი ნივთების უმეტესობა უკვე ჩაალაგეს... ფრაქციის ოთახს ყველაზე ბოლო მისი თავმჯდომარე გიგი წერეთელი ტოვებს. 21 წლიანი საპარლამენტო გამოცდილების შემდეგ, გიგი წერეთელს დეპუტატის მანდატი აღარ ექნება.
8 წლიანი ისტორიის შემდეგ პარლამენტიდან მიდის ეკა ბესელია, ის მომავალ კანონმდებლებს ახალ რეგლამენტს უტოვებს და ამბობს, რომ ერთპარტიული პარლამენტი ოქტომბრამდეც ვერ გაძლებს.
ოთახი და ინვენტარი უკვე ჩააბარეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც. ოპოზიციური ფრაქციის აპარატისთვის დღეს საკანონმდებლო ორგანოში ბოლო დღე იყო, ახალი და უცნაური ერთპარტიული პარლამენტის შენობიდან მათ ბოლო ნივთები გაიტანეს.