კონსტიტუციურია თუ არა ერთპარტიული პარლამენტი - კოტე ჩოკორაიას განმარტება

გამოქვეყნდა:

კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია, საქართველოს მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ერთპარტიული პარლამენტის სხდომა კონსტიტუციის სრული დაცვით ვერ ჩატარდება.

ჩოკორაია განმარტავს რომ საქართველოს პარლამენტის დამტკიცებისთვის მინიმუმ 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობაა საჭირო. თუმცა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი იძლევა შესაძლებლობას მინიმუმ 50 დეპუტატით ცნონ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილება. რაც ჩოკორაიას თქმით ნიშნავს, რომ პარლამენტი მხოლოდ ფორმალურად დამტკიცდა.

"რა თქმა უნდა ძალიან რთულია კონსტიტუციის სრული დაცვით ჩატარდეს პარლამენტის სხდომა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ერთპარტიულ პარლამენტზე, ფორმალური გაგებით პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდა, საუბარია იმაზე, რომ უნდა მომხდარიყო მინიმუმ 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა, ჩვენი პარლამენტის რეგლამენტი კი იძლევა შესაძლებლობას მინიმუმ 50 კაცის მხარდაჭერით განხორციელდეს ეს ყველაფერი." – ამბობს  გადაცემა "დღის სტუმარში" კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია.

ჩოკორაია ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ოპოზიციური პარტიები ჩახსნიან მანდატებს, საქართველოს პარლამენტის მდგომარეობა დამძიმდება არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც, რადგან პარლამენტს არ შეეძლება კონსტიტუციური ცვლილებების დამტკიცება და შესაბამისად დეპუტატები ვერც საარჩევნო სისტემას შეცვლიან.

"წარმოუდგენელია საარჩევნო სისტემის შეცვლა, კონსტიტუციური რეფორმის გარეშე, საქართველოს პარლმენტმა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს საჭიროა 113 დეპუტატის მხარდაჭერა. ნებისმიერი ესეთი ცვლილება უნდა მოხდეს პოლიტიკური კონსესუსის საფუძველზე. პარლამენტი ნებისმიერ დემოკრტიულ ქვეყანაში არსებობს იმისთვის, რომ ასახავდეს მოსახლეობის განწყობებს. ჩვენ კი სამწუხაროდ მივიღეთ ის რეალობა, რომ არჩევნების გაყალბების გამო, ერთპარტიული პარლამენტი გვყავს." – ამბობს კოტე ჩოკორაია.

 "ქართულმა ოცნებამ" ერთპარტიულ პარლამენტში ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადო და პარლამენტმა მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატების უფლებამოსილება სცნო, რადგან ოპოზიცია პარლამენტში არ შედის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი