ხმის ჩამწერი სტუდია "ინ და ჰაუსი" სამართალდამცველებმა 10 000 ლარით დააჯარიმეს - მიზეზი შეზღუდვების ფარგლებში დაწესებული რეგულაციების დარღვევაა. პოლიციის ინფორმაციით, სტუდია რეალურად ღამის კლუბს წარმოადგენდა.
"ინ და ჰაუსის" ადმინისტრაციის თქმით, ჯანდაცვის წარმომადგენლებთან შეთანხმების საფუძველზე მათ ფუნქციონირების უფლება ჰქონდათ, შესაბამისად, ისინი შსს-ს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
"პოლიციელების უპრეცენდენტო რაოდენობა იყო. ამოიღეს კამერების ჩანაწერები, მთელი ტერიტორია გაჩხრიკეს, ობიექტი დალუქეს... ვაპირებთ გასაჩივრებას და არა დამორჩილებას", - ამბობს მეპატრონე.
შეგახსენებთ, რომ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, ,"ინ და ჰაუსის“ მიმართ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით, რაც იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს.