არის თუ არა საქართველო მიტაცებული სახელმწიფო? - TI "ოცნების" 8-წლიან მმართველობას აფასებს

გამოქვეყნდა:

"არის თუ არა საქართველო მიტაცებული სახელმწიფო?" - ამ შინაარსის ანგარიშსს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აქვეყნებს და მმართველი გუნდი 8-წლიან მმართველობას აფასებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო.

"დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია სუსტი საპარლამენტო ზედამხედველობითა და მმართველი პარტიის მიერ სასამართლო ხელისუფლებაზე სრული კონტროლის მქონე მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან დადებული არაოფიციალური გარიგებით. ბიძინა ივანიშვილმა, წლების განმავლობაში რაიმე ოფიციალური სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და საჯარო ანგარიშვალდებულების გარეშე, წარმატებით მოახერხა საქართველოს უმთავრესი საჯარო ინსტიტუციების, მათ შორის ფორმალურად დამოუკიდებელი ორგანოების, მისი ბიზნეს ინტერესებისა და პირადი უსაფრთხოების სამსახურში ჩაყენება", - წერია ანგარიშში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, მათ შორის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სამინისტროებისა და სამართალდამცავი უწყებების, საკვანძო პოსტებზე ისეთი პირები ინიშნებიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ერთგულებით გამოირჩევიან ან წარსულში მის კომპანიებში მუშაობდნენ:

  • ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, ირაკლი ღარიბაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილი;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური;
  • ყოფილი გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი;
  • ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი;
  • ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე;
  • ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი;
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

"ფაქტობრივად ფადი შახივით იმართება ეს ქვეყანა, ერთი ადამიანი მის გარშემო, სხვადასხვა გარემოცვაში მყოფი ადამიანები, რომლებსაც არც კვალიფიკაციის ნიშანი ეტყობათ, არც აგური აგურზე არ დაუდიათ ქვეყნის მშენებლობაში და ერთი ბიზნესმენის წრეს წარმოადგენდნენ დღეს სახელმწიფოს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პირებად გვევლინებიან", - თქვა "შეაჩერე კორუფციას" დამფუძნებელმა, ქეთი ენუქიძემ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" დასკვანში წერს, რომ "ქართული ოცნების" თითქმის სრული კონტროლი ხელისუფლების ყველა შტოსა და დონეზე, თავისთავად, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნის დემოკრატიული მმართველობისა და კორუფციასთან ეფექტური ბრძოლისთვის. თუმცა, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ მმართველი პარტია არა მრავალფეროვანი პოლიტიკური და სოციალური ინტერესების ნაზავი, არამედ მისი ლიდერის პირადი მიზნების განხორციელების საშუალებაა.

TI აღნიშნავს, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს 2020 წლის არჩევნების შემდგომი პოლიტიკური კრიზისი, ერთი რამ ცხადია – სანამ ძალაუფლების არაფორმალური სტრუქტურები არ მოიშლება და ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკა არ ამოქმედდება, საქართველო ვერ შეძლებს ეკონომიკური თუ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით მისი სრული პოტენციალის რეალიზებას.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი