მას შემდეგ, რაც ზუგდიდში პოლიციამ "საქართველოს ბანკზე" დავდასხმაში და მიმალვაში მყოფი ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს, პოლიციამ მამა ზუგდიდის სამმართველოში გამოკითხვაზე გადაიყვანა. ოჯახი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ.
პოლიცია ეჭვობს, რომ ბიძინა ესებუას კავშირი ჰქონდა მიმალვაში მყოფ ძმასთან, რომელსაც პოლიცია თვეზე მეტია ეძებს. უწყება ვარაუდობს, რომ მას ძმისთვის საბრძოლო იარაღი და ასაფეთქებელი საშუალებები უნდა გადაეცა.
ესებუას მამა ამბობს, რომ შვილის დაკავებაზე ინფორმაცია ტელევიზიით შეიტყო.
"ტელევიზიით გავიგე დაკავებულია, მეტი არაფერი არ ვიცი. არ ჰქონდა ჩემ შვილს არც ცეცხლსასროლი იარაღი, არც ყუმბარა, გზაშია დაკავებული, გავიგებ ყველაფერს. იზამდა ამას თქვენი აზრით?!" - თქვა ბიძინა ესებუას მამამ.
ბიძინა ესებუა პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ ესებუა სოფელში მიმავალ გზაზე გააჩერა. დაკავებულის კუთვნილი, „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი.
საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ემა გოგოხია.